თელავში პური საცხობებშიც გაძვირდა

უკვე რამდენიმე დღეა, ადგილობრივები პურს ოცი თეთრით ძვირად, 1. 20 ლარად ყიდულობენ.
ერთ-ერთ საცხობში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 90 ლარს ასცდა და პურის ფასის მატება იძულებითი ნაბიჯი იყო.
” 90 ლარს გასცდა 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. იძულებული ვართ პურის ღირებულება გავზარდოთ.სხვა შემთხვევაში, საცხობის დაკეტვა ან პურის წონის შემცირება მოგვიწევს.ცოტა მარაგი გვქონდა და სანამ შევძელით, ფასი არ გაგვიზრდია, მაგრამ ამოიწურა ეს მარაგიც”- თქვა საცხობის მფლობელმა.
ორი კვირის წინ თელავში გაძვირდა შეფუთული პურიც და მისი ღირებულება 1.20 თეთრი გახდა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოში ორი თვის მარაგი არსებობს.
საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის 90 პროცენტი რუსეთიდან შემოდის.
უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია, თუმცა რუსეთიდან იმპორტი ჯერ კიდევ არსებული კონტრაქტებით, შეჩერებული არ არის.
სპეციალისტები, საქართველოსათვის ხორბლისა და ფქვილის ახალ ბაზრებად ყაზახეთსა და რუმინეთს განიხილავენ, სადაც ფასი უფრო მაღალია.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: