ახალი ამბებიეკონომიკამნიშვნელოვანირეგიონი

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

შტაბის გახსნას მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებს განიხილეს.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნებზე განხორციელდება.

„კოვიდმა გარკვეული პრობლემები, ბუნებრივია შექმნა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტი ქარხანა დარეგისტრირდა და იმედი გვაქვს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სუბსიდიის თანხა, ერთ კილოგრამ ყურძენზე, 30 თეთრს შეადგენს, მათთვის, ვინც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს. თუკი ამ მიმართულებით შეფერხება იქნება, ჩვენ რეზერვში გვყავს სახელმწიფო საწარმოები. რაც შეეხება საფერავს, ამას სეგმენტი თავად ითვისებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

2020 წლის რთველთან დაკავშირებულ სიახლეებს შორის, მინისტრმა ქარხნების ვიდეო- კამერებით აღჭურვა დაასახელა, რომლის საშუალებითაც შტაბიდან ყურძნის ჩაბარების პროცესს დააკვირდებიან.

თავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, იმედი აქვთ, რომ ჰორეკას სეგმენტის – სასტუმროების და რესტორნების საქმიანობის ჩავარდნის მიუხედავად, ყურძნის მიღებას მაინც შეძლებენ.

„კოვიდის გამო, გაყიდვები შეგვიმცირდა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება რთველი, გარკვეული აქტივობა, ქართველი ტურისტების, იქნება. დაახლოებით 1000-1500 ტონა ყურძნის მიღებას შევძლებთ იმ ფერმერებისგან, ვისთანაც წლების მანძილზე ვთანმშრომლობთ“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან კომპანია „შუმის“ გენერალურმა დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, წელს კახეთში, 300 ათას ტონა ყურძენზე მეტს ელოდებიან.

რთველის შტაბს კახეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button