რეგიონი

თელავში შეფუთული პური გაძვირდა

დღეს, დილიდან, თელავში პურის ფასმა 20 თეთრით მოიმატა და 80 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ღირს.
სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში განმარტავენ, რომ ფასის მატებას ადგილობრივი საცხობებიდან შეტანილ შეუფუთავ პურზეც ელოდებიან.

” ამ დილით უკვე მომატებული ჰქონდა ასაღები ფასი. ეს არის შეფუთული პური, რომელიც სხვადასხვა საცხობიდან შემოდის. შეუფუთავისათვის ჯერ მოუმატებიათ, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ ფასს არ გაზრდიან, წონას დაგაკლებენ. თბილისიდან ჯერ პური არ მიგვიღია და არ ვიცით, რა ფასი იქნება”-თქვა ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტმა, მაია გელაშვილმა.

საცხობების მფლობელები ფასის მატებას ფქვილსა და დამხმარე მასალებზე ფასის მატებით ხსნიან. მათი განმარტებით, ერთი ტომარა ფქვილი 78 ლარამდე ავიდა, რამაც პურის ფასი ავტომატურად გაზარდა.
ფქვილსა და დამხმარე მასალებზე ფასის მოსალოდნელ ზრდაზე, ორი დღის წინ, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციამაც,” განაცხადა.

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობდა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა.

“მეპურეების ინფორმაციით, ფქვილის მარაგი არის, ჩვენ ხორბლის 1 თვის მარაგი გვაქვს. მარაგების შესავსებად განიხილება რუმინეთი და გრძელვადიანად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც სახელწიფო მოლაპარაკებას აწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ პურის ფასი 1-1.5 თვეში გაიზრდება, რაც შესაძლებელია, სახელმწიფო დააზღვევს პურის ფასს. თუ ამ პერიოდის შემდეგ, ფქვილის ფასი გაიზრდება და ეს ზეგავლენას იქონიებს პურზე, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამუშავებს“,– განაცხადა სილაგავამ.

ქვეყანაში საჭირო მარაგების უზრუნველსაყოფად, ალტერნატიულ ბაზრებთან მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა რა დრო დასჭირდება ახალ პარტნიორებთან შეთანხმებას, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button