თელავში სოციალური პროგრამის გაზრდას ითხოვენ
ბენეფიციარები და ოპოზიცია, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამაში, თანხის გაზრდას ითხოვენ. ბინის ქირის პროგრამით მოსარგებლე პირების განმარტებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასი ლარით, საცხოვრებელი პირობების მქონე ფართის დაქირავება შეუძლებელია.
“ამჟამად რაც მაქვს დაქირავებული, მინიმალური საცხოვრებელი პირობებიც არ არის. მეტი გზა არ მაქვს, ჭერი ხომ მაფარია თავზე. ადრე კიდევ შესაძლებელი იყო დაქირავება, ახალ უკვე ამ საშინელ სიძვირეში, ფარდულსაც აღარ გაძლევენ ამ ფასში. ცოტა უნდა დაამატონ ბიუჯეტიდან, რომ ადამიანმა ნორმალურ ყოფაში ცხოვრება შეძლოს’- განაცხადა ერთ- ერთმა ბენეფიციარმა, რადიო ჰერეთთან.
ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილ თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი თვლის, რომ მერიაში ხალხის პრობლემებს არ იცნობენ.
” ჩაატარონ ექსპერიმენტი თვითონ დაძებნონ და იქირაონ ბინა ას ლარად. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხალხისბ პრობლემებსა და რეალურ სურათს ხელმძღვანელი პირები, არ იცნობენ. მედიკამენტების პროგრამაც ასე შეამცირეს, ერთჯერადი 50 ლარიანი დახმარება მოხსნეს და შეშით დახმარების დახმარების თანხაც განახევრდა. ქირის თანხა უნდა დაამატონ, აბა რა უნდა ქნან”- განაცხადა ვარდოშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ქირის თანხის გასაზრდელად, ბიუჯეტს თანხები არ აქვს.
” უახლოეს მომავალში ამ თანხის გაზრდა ვერ მოხდება. შესაბამისი თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს. მსურველი ძალიან ბევრია და უამრავი განცხადება შემოდის. ვცდილობთ, ყბა დავაკმაყოფილოთ და დავეხმაროთ-განაცხადეს მერიაში.
უსახლკარო პირების განთავსებისთვის თელავის მუნიციპლიტეტს არც სოციალური სახლი აქვს, სადაც ქირავნობის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ნაწილის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი.