მნიშვნელოვანირეგიონი

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრილი თემირლანი 10 იანვარს გარდაიცვალა

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

პანკისის ხეობაში, 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციიდან, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა, 6 წელი გავიდა.

გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“შიში ჩემთვის უცხოა, მაგრამ ამ თარიღს ისეთი თავისებური შიში ახლავს, ამას ნამდვილად ვერ ავხსნი, უბრალოდ არვიცი როგორ ავღწერო…მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დარდიც ტკივილიც ამ დღეს და ამ დროს ამოხეთქავს- ხოლმე, როცა ქვეყანა შობის დღეს ზეიმობდა, მე კი ერთ ერთ მოქალაქეს, ერთადერთი ვაჟი მძინარე თავის საწოლში მოკლული დამახვედრეს… 26 გამთენისას 6 წელი გახდება, საშველი ამ ტკივილს არ დაადგა და ვერც შენელებულა…ვიმედოვნებ და ვაგრძელებ არსებობას იმისი იმედით, რომ ამასვე მიიღებ მოლოცვებში ერთ მშვენიერ დღეს, შენ, ვისაც მიგიძღვის ბრალი ამ სისასტიკეში”- წერს მაჩალიკაშვილი.

26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრილი თემირლანი 10 იანვარს გარდაიცვალა.

მომხდარის თაობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, საქართველოში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შეწყდა.

საქართველოში რამდენიმე წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, მაჩალიკაშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

სტრასბურგის სასამართლომ , საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რომლებიც ეფექტიანი და საფუძლიანი გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა, კერძოდ, მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვებისა და დამუშავების თვალსაზრისით. ასევე დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ზედაპირულად განხორციელდა.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button