თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა- საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.
19 წლის მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მძიმედ დაჭრეს. ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, ახალგაზრდა გარდაიცვალა.
გამოძიების მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან კავშირში იყო მხილებული.
დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მძიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მედიკო მაჩალიკაშვილი წერს, რომ მისი ვაჟი სრულიად უდანაშაულო იყო.
“მსოფლიოში საუკეთესო შვილი იყავი,თბილი, კეთილსინდისიერი, ალალ- მართალი, დედის დამჯერი, მაგრამ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური უმოწყალოდ და სასტიკად გაგისწორდა. რა არ დაგწამეს, ლამის ბინლადენის მოკავშირეც გაგხადეს. ისე წახვედი ამ დაწყევლილ სამყაროდან, აზრზეც არ იყავი რაში გდებდნენ ბრალს. ვერ მოერგე ივანიშვილის შავბნელ ეპოქას. შემიყვარდა ის ცრემლიანი ბილიკი მხოლოდ შენსკენ და შენამდე რომ მოდის”- წერს მედეა მაჩალიკაშვილი.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი წლების განმავლობაში ცდილობდა 19 წლის შვილის გარდაცვალების გარემოებებზე სიმართლე დაედგინა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლით დაიწყო, თუმცა,. ორწლიანი გამოძიების შემდეგ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო , საქმე შეწყვიტა.
2019 წლის 6 ივნისს მაჩალიკაშვილის საქმე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე, ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი იცავს.