თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დაკრძალავენ
სპეცოპერაციისას დაჭრილ და შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დღეს დაკრძალავენ.
19 წლის ახალგაზრდას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს თავში სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა 10 იანვარს, დილით გარდაიცვალა.
ოჯახი მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ელოდებოდა, თუმცა ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამძიმდა. მას გული სამჯერ გაუჩერდა, საბედისწერო აღმოჩნდა მეოთხე შემთხვევა.
ავსტრიული მედია თემირლან მაჩალიკაშვილის ავტრიაში შესაძლო მკურნალობას ეხმიანება. ავსტრიულ გაზეთის, “კრონენ ცაიტუნგის” ინფორმაციით, საქართველოს მთავროვბას სურდა “აისის”-თან კავშირში მყოფი ტერორისტისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ის ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამონისტრომ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა.
“კრონენ ცაიტუნგი” წერს, რომ 19 წლის საქართველოს მოქალაქე დაკავშირებული იყო ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2016 წელს სტამბოლის აერპორტშზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დღეს აქცია იგეგმება. სამოქალაქო სექტორში სუს-ის უკონტროლო ძალაუფლებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია შეწყდეს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
შეკრება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „აუდიტორია N115“-ის ინიციატივით იგეგმება.
პანკისის ხეობაში რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები. ქართელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გამოძიების სამართლიანად წარმართვას და მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას ვერ შეძლებს, სიტუაცია რეგიონში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს.