მნიშვნელოვანისიახლეები

თემქის პოლიციასთან მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები სახის დაფარვის გამო დააკავეს

თბილისში, თემქის პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს – დაკავებები სახის ნიღბით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო. სახის დაფარვა რაც აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიღებული ცვლილებებით. დაპირისპირების დროს დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

„ადამიანები ძალის გამოყენებით დააკავეს. მათ უფლება არ აქვთ, რომ პირბადის გამო დააკავონ ადამიანები. ამაზე ჯარიმაა და არა დაკავება. აქ ძალადობისთვის არ მოვსულვართ, მოვედით ჩვენი პროტესტის და დაუმორჩილებლობის გამოსახატად. იძალადეს ჩვენზე, ჩემს მეგობარს შუშა ჩაამტვრევინეს თავით.

ვიდექით, მივმართავდით, მოვიდნენ და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა, ძალადობრივად წაიყვანეს 6 ადამიანი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე აკრძალულია სახის დაფარვა.

„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, – უთხრა მათ ერთ-ერთმა მონაწილემ, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალება არ აძლევდნენ.

ამის მიუხედავად, რამდენიმე წამში იგი, – კიდევ ერთ დემონსტრანტთან ერთად, – ძალის გამოყენებით დააკავეს.

დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ერთ-ერთს ასევე ეკეთა – რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია.

პოლიციელების მიერ კარის მარჯვენა ფრთის გაღებისას კარის მინა ჩაიმსხვრა.

„სირცხვილია, გოგოები არიან“, – მოუწოდებნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეები, თუმცა დემონსტრანტები მაინც დააკავეს.

ადგილზე ათობით პოლიციელი იყო.

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ დაჯარიმების მიზნით, რადგან სახეს ნიღბით იფარავდნენ. „მოხდება თქვენი დაჯარიმება“, – უთხრა მათ პოლიციელმა.

თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, პროტესტის სხვა მონაწილეებმაც დაიფარეს სახეები და დაიწყეს სკანდირება: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.

ამის შემდეგ პოლიციელები უკან გაბრუნდნენ, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდნენ და დაკავებები დაიწყეს.

აქცია, ლოზუნგებით „ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყო და მსვლელობა თემქის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებასთან მივიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button