თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ
თერჯოლის რაიონის სოფელ ჯოგნარის მოსახლეობამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას დაპირდათ და ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ადგილების შერჩევა დაიწყეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, გზაზე არ გაატარებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშილობას.
“თუკი არ მოხდება ნაგავსყარელის ადგილმდებარების შეცვლა, მთელი სოფელი შიმშლობას დაიწყებს”, – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.
ადგილობრივთა თქმით, ნაგავსაყრელი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც, ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.
ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით, 36 ჰექტარ მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.
“გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული”, – ამბობს გიორგი შუხოშვილი.