თეთრი სახლის წარმომადგენლებს СNN-თან თანამშრომლობა აეკრძალათ [Video]
თეთრმა სახლმა საკუთარ წარმომადგენლებს ტელეარხ СNN-ის ეთერში გამოსვლა აუკრძალა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მართალია, თეთრ სახლს ტელეარხისთვის სრული ბოიკოტი არ გამოუცხადებია, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის თანამშრომლები CNN-ის ეთერში აღარ გამოჩნდებიან.
“ჩვენს წარმომადგენლებს იქ ვაგზავნით, სადაც ჩვენი გზავნილების განთავსებას აზრი აქვს”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში და აღნიშნეს, რომ CNN-ი მათი ინტერესების გამხმოვანებელ სივრცედ არ მიაჩნიათ.
აღნიშნული განცხადების მიუხედავად, თეთრი სახლის წარმომადგენლები CNN-ის ჟურნალისტებს მაინც ეკონტაქტებიან, მაგრამ თეთრი სახლის პრესმდივანი, შონ სპაისერი და დონალდ ტრამპის მრჩეველი, კელიენ კონუეი ტელეარხის პროგრამებში მონაწილეობას არ იღებენ.
სპაისერმა განაცხადა, რომ CNN-ი თეთრი სახლიდან არ მოუკვეთავთ, მაგრამ ადმინისტრაცია ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობას არ აპირებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, რომ რაიმე მართებულად გაიგონ.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში, 11 იანვარს, ტრამპის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა – “საშინელი ორგანიზაცია ხართ და ფეიკებს აქვეყნებთ”-ო.