მნიშვნელოვანისიახლეები

თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული და სრულფასოვანი წევრი.
“კი ევროპას, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ქართული ოჯახი, ფასების მაფიის დასრულება” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელმაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” 5 მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა.

გამოსვლაში ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში. ილიას მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო თანამედროვე და ევროპული ქართული სახელმწიფოს იდეა. საქართველო თავისი ისტორიით და უნიკალურობით ევროპის დიდი ცივილიზაციური ოჯახის წევრი. ეს იდეა გვამოძრავებს ჩვენს, რომლის რეალიზების საქმეშიც დიდი წვლილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის ეზოშიც ახლა ვიმყოფებით, რომელმაც სწრაფი და გამბედავი რეფორმებით ჩვენი ქვეყანა დიდი ნახტომით ევროპული ინტეგრაციის გზაზე დააყენა, ჩვენი თაობის მთავარი მისია არის ამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლომდე მიყვანა.

გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული და სრულფასოვანი წევრი. გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან, საქართველოს ეხსნება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის, წვდომა 14 – მილიარდიან ევროპულ ფონდზე. გაწევრიანების ევროპული ფონდი არის შესაძლებლობა, რომ დავაფინანსოთ უამრავი საჭიროება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მოვახდინოთ სუბსიდირება სოფლის მეურნეობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გლეხებისთვის და მევენახეებისთვის, რაც ყველაზე კარგად კახეთში ესმით, ამიტომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრიორიტეტი არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გააუქმებს რუსულ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს მილიონობით დოლარს და ევროს და საქართველო ამაყად იტყვის – კი ევროპას! ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-თან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მეორე საპროგრამო პრიორიტეტი არის დასაქმება და მაღალანაზღაურებად, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისათვის. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოვიარე მთელი საქართველო, ვიმყოფებოდი რეგიონებში, მთაში თუ ზღვაზე, რეგიონებში თუ ქალაქებში, სოფლებში თუ დაბებში და ყველგან ვნახე უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა, სიღატაკე. დღესდღეობით, ნახევარი მილიონი საქართველო ფაქტობრივად უმუშევარია, რადგან წარმოუდგენელია 300 ან 600 – ლარიანი ანაზღაურება ხელფასად ჩავთვალოთ. განა “ოცნების” რომელიმე ჩინოვნიკი შეძლებდა ოჯახის რჩენას 300, 600 ან თუნდაც 1000 ლარად? სანამ მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივანიშვილის ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, ქართული ოჯახების მაცივრები ცარიელია და ოჯახების უმრავლესობისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მოვსპობთ კორუფციას და თავისუფალი და სამართლიანი ბაზრის პირობებში, გავაჯანსაღებთ ეკონომიკას, რათა ყოველდღიურად შევქმნათ ათი ათასობით ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილები, საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულისთვის უნდა გაუტოლდეს 3500 ლარს იმისთვის, რომ ოჯახებმა ამოისუნთქონ და ხვალინდელი დღის აღარ ეშინოდეთ. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და არა ელიტებისთვის.

ჩვენი მესამე პრიორიტეტი არის პენსიონერების დაცვა. “ქართული ოცნების” 12 – წლიანმა მმართველობამ მოიტანა უკიდურესი უთანასწორობა, სადაც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები, ივანიშვილის საბანკო დიქტატურის პირობებში 4-ჯერ მძიმე საბანკო ტვირთს ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ უნდა დავასრულოთ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს. ასევე, ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ პენსიები. დიახ, აუცილებელია, რომ თითოეულ პენსიონერს ჰქონდეს პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს 1000 ლარს. ჩვენ შევქმნით სახელმწიფო პროგრამას, რომლითაც დავაფინანსებთ აუცილებელ სარეცეპტო მედიკამენტებს პენსიონერებისთვის, რათა აღარასოდეს უწევდეთ არჩევანის გაკეთება საკვებსა და მედიკამენტებს შორის, რაც მეც ძალიან ხშირად მინახავს, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი სარფში და დაუძლურებული, ხანში შესული ქალბატონები თურქეთი-საქართველოს საზღვარზე გადადიოდნენ იმისთვის, რომ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ოდნავ უფრო იაფად თურქეთში ეყიდათ.

ჩვენ ვიზრუნებთ უფროს თაობებზე და ამავდროულად ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას მომავალ თაობებში. ქართული ოჯახის გაძლიერება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. დღეს საქართველოში ადამიანებს სიბერის ისე ეშინიათ, როგორც ახალი სიცოცხლის დაბადების. სამი შვილის დედამ ძალიან კარგად ვიცი დღევანდელ საქართველოში რამხელა ტვირთია ოჯახებისთვის ბავშვის დაბადება. ახალი სიცოცხლის სიხარული უნდა დავუბრუნოთ ქართულ ოჯახებს. ეკონომიკის გაჯანსაღების განპირობებული შემოსავლების ზრდასთან ერთად, იმ დემოგრაფიულ კატასტროფასთან საბრძოლველად, რომლის მსგავსი საქართველოს 90-იანი წლების წყვდიადშიც კი არ გამოუცდია, ჩვენ კონკრეტულ ფინანსურ მხარდაჭერას შევთავაზებთ ყველა საჭიროების მქონე ოჯახს ახალშობილთათვის. ჩვენ ასევე დავნერგავთ უფასო კვებას ყველა საჯარო სკოლაში. პროგრამას, რომელიც უკვე დიდი წარმატებით ვახორციელებთ წალენჯიხაში, სადაც ასევე რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი. ჩვენ ვპირდებით ყველა მშობელს, რომ არც ერთ ბავშვს არც ერთ საჯარო სკოლაში აღარ შეაწუხებს შიმშილის გრძნობა გაკვეთილზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი საჯარო სკოლებში.

ჩვენ ვპირდებით ყველა სტუდენტს, რომ ჩავდებთ დიდ ინვესტიციას საერთო საცხოვრებლების მშენებლობაში. როცა კორუმპირებული ჩინოვნიკები ნათესავებზე ბინებს, ნაკვეთებს, ტყეებს აფორმებენ, ქართველი სტუდენტები დღე და ღამე მუშაობენ იმისთვის, რომ ბინის ქირა გადაიხადონ. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან შემდეგ სტუდენტები შესაბამის რესურსს ვეღარ დებენ აკადემიურ ცხოვრებაში. მოხუცებს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული სიბერე, ბავშვებს უნდა დავუბრუნოთ სილაღე და ახალგაზრდებს სტუდენტობის ხიბლი და თავისუფლება.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწორედ გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას გაურბიან საქართველოდან და სწორედ ამისთვის შეიქმნება პრეზიდენტი სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნებულ თითოეულ ემიგრანტს ჰქონდეს ახალი სტარტის და უკეთესი პერსპექტივის შანსი, სწორედ აქ, მათ სამშობლოში – საქართველოში.

ჩვენი მეხუთე პრიორიტეტი არის ფასების მაფიის დამარცხება საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კლანებმა შექმნეს. პატარა და საშუალო ბიზნესის შევიწროებით და გაგუდვით, ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიზნეს მონოპოლიები ყველა სფეროში, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან ფასებს საკუთარი გამდიდრებისთვის. საბანკო, სამშენებლო, სასურსათო თუ კომუნიკაციების მონოპოლიები ემსახურება ივანიშვილის კლანების გამდიდრებას, ხალხის გაღატაკების ხარჯზე. ჩვენ გადავდგამთ გამბედავ ნაბიჯებს კონკურენტული საბაზრო პირობების აღსადგენად, რაც გააჩენს ახალ, უფრო ხელმისაწვდომ და უფრო ხარისხიან ალტერნატივებს ყველა სფეროში. ეს არის რეალური, საღი და სამართლიანი გზა ფასების კლებისთვის და გპირდებით, რომ ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

არჩევანი მარტივია – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. მე მჯერა, რომ საქართველო 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში, ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს, გამარჯვება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს” , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button