თინათინ ხიდაშელი: პრემიერი მთავარ შეცდომას უშვებს

“პრემიერ-მინისტრი ლევან იზორიას დანიშვნით მთავარ შეცდომას უშვებს” – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი საკადრო ცვლილებებს.

იგი თავდაცვის უწყებაში მინისტრების უშიშროების კადრებით ჩანაცვლებას ცუდ ტენდენციად მიიჩნევს.

„ჩემი შემცვლელის დანიშვნას რაც შეეხება, მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება, ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად“,- განაცხადა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა

„მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია, სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ, შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, ეს რა მიზანს ემსახურბა, ნამდვილად არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე შემიძლია ცალსახად გითხრათ – ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან.

თინათინ ხიხაშელმა, კიდევ ერთ მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან ერთად თანამდებობა დღეს, 1 აგვისტოს ოფიციალურად დატოვა.

პრემიერ–მინისტრმა ყოფილ მინისტრებს თინათინ ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ დაწყებული ყველა წარმატებული რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი ქეთევან ციხელაშვილი გახდა–ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები და ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. პრემიერ–მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ მინისტრებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მმართველი გუნდის ღირსეული წევრები იქნებიან.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button