
თქვენ ჭამეთ ცეცხლი_ ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით, მოძრაობა საქართველოსთვის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, წინანდალში, სასტუმრო რედისონთან მივიდნენ.
პროტესტი ” ქართულ ოცნების” 450 კაციანი შემადგენლობის შეკრებას მოჰყვა, რომლებიც გუშინ, სასტუმროში, სუფრასთან იმყოფებოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ხუსკივაძის განმარტებით, იმ ფონზე, როცა მოსახლეობა შიმშილობს, სუფრის მოსაწყობად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
” ერთი კაცი, ჩვენი ინფორმაციით, 670 ლარი დაუჯდათ, მაშინ როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს. ქვეყანა განადგურებულია და ესენი ჭამენ ნახევარ მილიონს, უსინდისოდ. სააკაშვილს ჰილარი კლინტონის გამასპინძლებას ედავებიან და თვითონ საკუთარი სიამოვნებისთვის ამდენს ხარჯავენ“- განაცხადა ხუსკივაძემ.
აქტივისტები სასტუმროს ეზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან, აქციის მონაწილეებს, არავინ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, უმრავლესობის წარმომადგენლები, ახლადარჩეული მერები,საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები ” ქართული ოცნებიდან” წინანდალში, ორი დღეა იმყოფებიან.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ჟურნალისტებთან საუბარში ამტკიცებდა, რომ შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა იყო.