მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“თქვენი წერილი ნაკლებ დიპლომატიურია”

“კავკასიური სახლი” ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს მორიგი წერილით მიმართავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ავტორები იმედგაცრუებულნი დარჩნენ ევროპარლამენტარის წერილის სტილით „რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ნაკლებ დიპლომატიური”.

“დიდად პატივცემულო ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელ, მადლობას გიხდით თქვენი სწრაფი რეაგირებისათვის.

“თუმცა, იძულებულნი ვართ აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენც იმედგაცრუებულნი დავრჩით თქვენი წერილის სტილით, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ნაკლებ დიპლომატიური.

“შეიძლებოდა ტექსტის სტილზე და მისი აღქმის სპეციფიკაზე დაუსრულებლად გვემსჯელა, მაგრამ ყოველგვარ ფორმალობაზე საუბარი, ვფიქრობთ, არასერიოზულია, როდესაც შინაარსი უმძიმეს პრობლემებს ეხება.

“ეჭვი არ გვეპარება, რომ გამოძრავებთ კეთილშობილური მიზანი, ხელი შეუწყოთ საქართველოში პოლიტიკური მოტივაციებისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ევროკავშირსა და მის სტრუქტურებს.

“მაგრამ ჩვენ და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გვიჩნდება კითხვა: რა შედეგი გამოიღო თქვენმა ძალისხმევამ?

“11 თებერვალს “ტვიტერში” ახსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ მისი „პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას“. ხოლო 13 მაისს თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოკლე კომენტარით (რომლის წაკითხვისკენაც მოგვიწოდებთ და რომელიც ჩვენ წაკითხული გვქონდა) საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას.

“ამ შეთანხმების შესრულების შედეგად კი, გათავისუფლდა ორი მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავე, რომლებსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული, ფსევდონეიტრალური ჯგუფები, ისევე როგორც თქვენი კოლეგები: დევიდ მაკალისტერი, ანა ფოტიგა, ანდჟეი ჰალიცკი და სხვ. „მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებად“ აცხადებენ, რითაც უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას აყენებენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს. ხოლო 2004 წელს ი. ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ქუჩაში დახვრეტილი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის მშობლებისათვის ამ პიროვნების საზეიმოდ განთავისუფლება შვილის მეორედ მოკვლას ნიშნავს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი რომ დავასახელოთ.

“და თუ თქვენ მოგმართეთ და არა მემარჯვენე პოლიტიკოსებს, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ეწინააღმდეგებოდით სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს და თქვენთან, როგორც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელთან, საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. და თუ თქვენი ეს დამსახურება ჩვენს წერილში სათანადოდ ვერ აღვნიშნეთ, ამისთვის ბოდიშს გიხდით.

“რომ შევაჯამოთ: თქვენ თქვენს კეთილშობილურ განზრახვებზე საუბრობთ, რაშიც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ კი უმძიმეს რეალურ შედეგებზე გელაპარაკებით.

“მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს. და ფაქტი ფაქტად რჩება: შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან. და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის.

“გარდა ამისა: გაკვირვებულები ვართ, რომ წერილის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილზე ერთობ ზოგადად გვიპასუხეთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ევროკავშირი იწყებს ევროპული მწვანე კურსის განხორციელებას და ეს საკითხი უკვე განვიხილეთ “კავკასიური სახლის” საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად.

“იმედი გვაქვს, ევროპა შეძლებს 2050 წლამდე ამ კურსის მთავარი მიზნების მიღწევას. მაგრამ იმ გიგანტური ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობა, ანუ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების განადგურება უკვე დაწყებულია და ჩვენი მაღალმთიანეთის უმწეოდ დარჩენილ მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი შეგვიძლია იმ ძალების წინააღმდეგ, რომელთაც ჩვენი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების გარდა, შესაძლოა, გაცილებით უფრო ძლევამოსილი მოთამაშეები (მაგალითად, რუსეთი ან ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მსხვილი კორპორაციები) უმაგრებდნენ ზურგს. ეგებ მოიცალოთ და ამ საკითხზეც გამოაქვეყნოთ კომენტარები თქვენს ვებგვერდზე, ან გვირჩიოთ, ჩვენ როგორ მოვიქცეთ.

“თქვენ აღნიშნავთ, რომ საქართველოს მრავალ მეცნიერთან, ექსპერტთან და უბრალო მოქალაქესთან გაქვთ კავშირი. სიამოვნებით გიმასპინძლებთ “კავკასიურ სახლში”, რათა უშუალოდ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ქვეყანა, რომელმაც მრავალი მიზეზის გამო, სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოახერხა; რომელიც რუსეთის წინაშე ფაქტიურად, მარტო დარჩა და ვერაფერს აკეთებს მცოცავი ოკუპაციის წინაღმდეგ; ქვეყანა, სადაც მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბე ბატონობს და რომლის სასიცოცხლო სივრცესაც ლამის ერთიანად ძირავენ წყალში.

“P.S. ძალიან გაგვახარა თქვენს მიერ გერმანელ-ქართველი მწერლის, გივი მარგველაშვილის ციტირებამ. “კავკასიური სახლი” უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც ამ მართლაც გენიალური მწერლის, ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის შემოქმედებას იკვლევს, თარგმნის და გამოსცემს. ეგებ პოლიტიკოსების მიერ კონტექსტს დაშორებული ფრაზების ციტირებამ მაინც შეუწყოს ხელი ამ დიდი შემოქმედების უფრო სერიოზულ წაკითხვას”. – აღშნიშნულია წერილში.

წერილს ხელს ნაირა გელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ლორთქიფანიძე, თეა გალდავა და ივანე აბრამაშვილი აწერენ.

შეგახსენებთ, რომ „კავკასიურმა სახლმა“ ევროპარლამენტარს პირველი წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა. კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა ევროპელ დეპუტატს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს და პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო უსაყვედურეს.

“ვითხოვ უკეთეს ნაწერს. კარგად წერა კი, კარგად კითხვის შედეგია”. – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კავკასიური სახლიდან გაგზავნილი წერილის ავტორებს.

კრამონი წერს, რომ წერილის ავტორების ბრალდება, თითქოს ის სააკაშვილის გუნდს ლობირებს, უსაფუძვლოა. მისივე თქმით, არ სჭირდება იმის შეხსენება, რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, რადგან მაშინ ამ რეჟიმის “ხმამაღალი კრიტიკოსი” იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button