მნიშვნელოვანისიახლეები

თსუ-დან ქართული ოცნების თავმჯდომარის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაანონსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაანონსდა. აქცია დღეს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გაიმართება.

“ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდებზე უდიდესი ზეწოლის პარალელურად, სიძულვილისა და ძალადობის ენამ აკადემიურ სივრცეშიც შეაღწია. ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ძალადობის მსხვერპლი უკანასკნელ დღეებში არაერთი სტუდენტი გახდა, რომელმაც საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ირაკლი კობახიძისა თუ მისი მსგავსი სხვა მოღალატეების ბრაზი გამოიწვია, რამეთუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ განსხვავებული აზრი”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დღეს სტუდენტებს, რომლებიც კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას ცდილობდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ და კიბიდან დააგორეს. მათი ვარაუდით, თავდამსხმელები კობახიძის “მიყვანილები” იყვნენ.

მოგვიანებით, ერთ-ერთი სტუდენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მან ადგილიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქ “იარაღიანი პირები მიუგზავნეს”, რომლებიც პირად მონაცემებს სთხოვდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა იჩხუბეს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდათ საპროტესტო პლაკატები გაეშალათ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის მიმდინარეობის დროს.

ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტში “რუსულ კანონად” შერაცხულ კანონს “უცხოეთის აგენტების შესახებ”. რუსული კანონის პროტესტის პარალელურად, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი 11 მარტსაც მოუწყვეს და აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერით – “ღალატს ვერ გამოითხოვ!”, “მომავალს ვერ წაგვართმევ”, გადადებული საქმე ეშმაკისაა”. ასევე, აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით – “მტრის არ მგმობი მოღალატეა” და ა.შ. კობახიძე ამ დღეს უნივერსიტეტში არ მისულა.
“​წინასააუდიტორე სივრცეში შევედით იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, გამოვიდნენ მოძველბიჭო ელემენტები, “საქმეებს გვირჩევდნენ”, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცმა დაგვიწყო ცემა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო. მერე მოვიდა, როცა გვცემეს”, – იხსენებს ახალგაზრდა.

გავრცელებულ კადრებში ასახულია ფიზიკური დაპირისპირებისა და კიბეზე დაგორების ეპიზოდი.

10 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.

კობახიძის მიმართ პროტესტი სტუდენტებს აქამდეც გამოუხატავთ – მათ უნივერსიტეტში აქცია/პერფორმანსები მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

11 მარტს მათ აქცია გამართეს კობახიძის აუდიტორიასთან, თუმცა იმ დღეს მისი ლექცია არ ჩატარდა, რადგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა, სტუდენტებმა ლექციის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button