მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის ეს ნიშნავს რომ ის საერთოდ არ არსებობს

უმძიმესი ღამე იყო დონეცკის ოლქში – ოკუპანტების მიერ ქალაქ უკრაინსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

17-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი; დაფიქსირდა 150-ზე მეტი აფეთქება.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაღუპულთა შესახებ. ქალაქ ოლეშკის მერის ცნობით, ადიდებულ წყალში 3 ადამიანის დახრჩობის შესახებ ინფორმაცია უკვე დასტურდება; რეგიონში ნაწილობრივ ან სრულად არის დატბორილი 50-მდე დასახლება. ქალაქ ხერსონში წყლის დონე უკვე 5.5 მეტრს შეადგენს და ვითარება ნელ-ნელა უარესდება.

ჰესის აფეთქების შემდეგ საფრანგეთი უკრაინას 10 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის – ამას ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს დაპირდა. ამ მიმართულებით კიევს ეხმარება ვაშინგტონიც.

“შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე.
დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო.
აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.

უკრაინის პრეზიდენტმა გაერო და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეულ კატასტროფაზე.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო და „წითელი ჯვარი“ უნდა იყვნენ პირველი, ვინც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან სწორედ ამისთვის არიან შექმნილი, თუმცა, კატასტროფის რაიონში ჯერაც არ არიან.

როგორც ზელენსკიმ თქვა, შოკირებულია, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ და თუკი რაღაც რეაქცია მაინც იყო, მხოლოდ „ძალიან დიპლომატიური“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამაშველო ოპერაციაში „წითელი ჯვრის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაუყოვნებლივ ჩართვის აუცილებლობაზე გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაშიც ილაპარაკა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც კიევი აკონტროლებს, სამხედროები და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ადამიანების გადარჩენას, მაგრამ საჭიროა მასშტაბური ძალისხმევა.

ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ სამაშველო ოპერაცია და ხალხის დახმარება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან თითოეული დაღუპული ადამიანი იქნება განაჩენი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას გადაეჩვივნენ. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, 7 ივნისის საღამოს მონაცემებით, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში 2 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კატასტროფული ვითარებაა და ბევრი ადამიანი წყალში ჩაძირული სახლების სახურავზეა დარჩენილი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოსგან აუცილებელია სწრაფი რეაგირება, რადგან დახმარების გარეშე ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში შესაძლოა, ბევრი ადამიანი დაიღუპოს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, გასულ 24 საათში ევაკუირებულია 300-ზე მეტი ადამიანი, სტიქიის ზონიდან გაყვანილთა საერთო რიცხვი კი, 4 000-ს აჭარბებს. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა “მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი” და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა “კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია”.
ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button