მნიშვნელოვანისიახლეები

თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან-მდინარაძე

პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებს აკავებს

თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, თუ ხალხის მხრიდან იქნება ძალადობა, პოლიცია ამას კანონის ფარგლებში უპასუხებს.

„გამორიცხულია [შარშანდელი] პროცესების განმეორება. თუ არ იქნება ძალადობა , ბუნებრივია არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, პოლიცია ამას პასუხის გასცემს კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის მტკიცებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციაზე ახლა ძალადობას აორგანიზებს, რის შესახებაც მან მისივე კოლეგისგან გაიგო.

„ნახეთ, „გადაგივლით“ – ეს არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმართვა პოლიციის მიმართ. როგორც ჩანს, ცოტნე კობერიძის. ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი არის ვინმე ზივზივაძე, თუ არ ვცდები ჩვენმა კოლეგამ გაახმოვანა, ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას, თუ ასეთი იქნება პოლიციას ამ შემთხვევაში მოუწევს რეაგირება, სხვა შემთხვევაში პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის მიმდებარედ პოლიციის კორდონის უკან, წყლისჭავლის მანქანაა მობილიზებული.

ცხრა აპრილის ქუჩაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პარტიის ორი წევრი იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”.

დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

გარდა ამისა, მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button