მნიშვნელოვანი

“თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა ამჟამად, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თმით, წელს გრიპის ვაქცინაცია მკაცრად რეკომენდირებული იქნება.

„ჩემი რჩევაა, მტკიცე რეკომენდაციაა (სიტყვა სავალდებულოს თქმის უფლება მე არ მაქვს, ამაზე მთავრობამ უნდა დადგენილება მიიღოს), რომ ვაქცინირება ჩაიტაროს ყველამ და განსაკუთრებით მათ, ვინც რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან – 60-65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმა და მათ, ვისაც აქვთ თანხმლები ქრონიკული დაავადებები. ეს გრიპს მთლად არ გამორიცხავს, მაგრამ ვაქცინა 70 – პროცენტიან დაცვას ახორციელებს გრიპისგან, ანუ, თუ გრიპით ვაქცინაციის გარეშე, სიტყვაზე, 10 000 ადამიანი დასნებოვნდებოდა, ვაქცინაციის შემთხვევაში დასნებოვნდება მხოლოდ 3000, რაც ძალიან დიდი შეღავათია. რამდენადაც ვიცი, ვაქცინა ან შემოტნილია ან საზღვარზეა. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე წინა წლებთან შედარებით წელს გრიპის მასშტაბურ გავრცელებას არ ელოდება და აცხადებს, რომ გრიპისა და კოვიდ 19-ის ერთდროულად გადატანის შემთხვევებიც ნაკლები იქნება.

„ის რეკომენდაციები, რაც მოქმედებს კოვიდისგან თავდასაცავად – პირბადეები, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი თავშეყრისგან თავის შეკავება, ავტომატურად მუშაობს გრიპის საპროფილაქტიკოდ, რადგან გრიპის და კოვიდის საპროფილაქტო ზომები აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ, მე მგონია, რომ წელს გრიპის ეპიდემია იქნება გაცილებით უფრო, სუსტი ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ და იმის რისკი, რომ გრიპი და კოვიდი ერთად დაგვემართოს, ასეთი შემთხვევები იქნება, მაგრამ ნაკლები, ვიდრე ამის გვეშინია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button