“თუ ესეთი დაბალი რანგის ხალხია, რას აქეიფებთ?“
ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის ავტორი 13 ამერიკელი კონგრესმენიდან, ორი საქართველოში ნამყოფია და “ქართული ოცნების” ლიდერებსაც კარგად იცნობს. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს:
“იმ 13 კონგრესმენიდან რომელთა ხელმოწერაც 147 კონგრესმენისგან შემდგარი კონსერვატიული ჯგუფის (Republican Study Committee – RSC) სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშზეა და რომელთაც ირაკლი კობახიძემ ლამის აგინა, მინიმუმ ორს – ალექს მუნის და ჯო ვილსონს თავად კობახიძე და არჩილ თალაკვაძე არაერთხელ შეხვედრიან. ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით კონგრესმენთა დელეგაცია ორჯერ იყო საქართველოში და მასპინძელი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძე იყო.
“სულ ბოლოს, ჯო ვილსონს არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში წელს, 7 თებერვალს შეხვდა. ჰოდა ბატონებო, თუ ესეთი დაბალი რანგის, უმნიშვნელო და თან ფულზე გაყიდული ორპირი ხალხია ან რას ხვდებით და ან რას აქეიფებთ?(ფოტოზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს ჯო ვილსონს. შეხვედრების ლინკები იხილეთ კომენტარებში)„– წერს კანდელაკი.
ამ ვიზიტის და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები პარლამენტის გვერდზეც იძებნება.
ვიზიტი 2017 წლის აგვისტოში შედგა.
პრესრელიზში ნათქვამია:
“პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.
საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.“
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კონგრესმენების ანგარიშს, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზეა საუბარი, “დაბალი რანგის” დოკუმენტს უწოდებს. მისი თქმით, კონგრესმენების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფრაზები ამ დოკუმენტში იმ ლობისტების დამსახურებით მოხვდა, რომელთაც ფულს ნაციონალური მოძრაობა უხდის.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ იყენებს იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს ნაციონალური მოძრაობა და მათი მუშაობის შედეგები ძალიან კარგად ჩანს დასავლური ინსტიტუტების ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.
“ასეთი ფრაზები თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება.” — განაცხადა კობახიძემ.