მნიშვნელოვანირეგიონი

,,თუ მანქანის მოვლა გამიძვირდა მაშინ მგზავრობაც გაძვირდება,,_კახეთში მთავრობის რეფორმებს აპროტესტებენ

რეფორმას რომ ეძახიან, კი არ უნდა დამახრჩოს მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს, “- ასე შეხვდნენ თელავში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ავტოსადგურების რეფორმირების შესახებ.

ზურაბ სეხნიაშვილი თითქმის ათეული წელია თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, თელავში დადის და ხის ნაკეთობებს ყიდის.

მამაკაცი ფიქრობს, რომ რეფორმა მაშინ არის კარგი, როცა მოქალაქის მდგომარეობას აუმჯობესებს.

” ავტოსადგურების მოწესრიგება კარგია, მარშუტკიდან რომ ჩამოდის კაცი, რამის ფეხი მოიტეხოს. მაგრამ ახლა რასაც რემონტში დახარჯავენ ამის პატრონები, სულ ხალხის ჯიბიდან ამოიღებენ. მე წლებია, სოფლიდან დავდივარ ახლა მგზავრობას გააძვირებენ, ორ კაპიკს ვშოულობ სულ გზაში დამახარჯინებენ. რეფორმამ არ უნდა დამახრჩოს, უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა”- ამბობს სეხნიაშვილი.

ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობით, უკმაყოფილებას მგზავრებიც გამოხატავენ. ისინი ამბობენ რომ მგზავრების გადაყვანის და დალოდების რეჟიმი, ყველა მოქალაქისათვის მიუღებელ გარემოში ხდება.

” სკამიც კი არ არის, რომ ტრანსპორტს დაელოდო. წვიმაში,ქარში, თოვლში, ვერაფერს შეეფარები, სასწრაფოდ მარშუტკაში უნდა ჩაჯდე. ტრანსპორტიც მოუწესრიგებელია, სამგზავროდ მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ყველაფერი უნდა მოაწესრიგონ, მაგრამ ეკონომიკურად ჩვენც წელში გამართულები უნდა ვიყოთ, გასახადის გადახდა რომ შევძლოთ”- ამბობენ თელაველები.

მძღოლები, რომლებიც ავტოსადგურიდან მგზავრების გადაყვანას ახორციელებენ, ფიქრობენ, რომ რეფორმის შემთხვევაში, მგზავრობის გაძვირება ნამდვილად მოუწევთ.

” ჯერ არაფერი გაგვიგია, რას გვთხოვენ, მაგრამ თუ მანქანის მოვლა გამიძვირდა, ან ამათ სხვა პირობები დაგვიყენეს, მაშინ მგზავრობა გაძვირდება, აბა რა იქნება. ხალხსაც ფული აღარ აქვს, მგზავრიც ხომ გვეკარგება. თანაც ჩვენ რეგისტრირებული ვართ, გადასახადს ვიხდით. ვინც თვითნებურად დაატარებს ხალხს და თან მართვა არ იცის, იმას მიხედონ. მოკლედ, ორ წყალს შუა მოვხვდებით- ხოლმე”- ამბობენ მძღოლები.

ქალაქ თელავში ორი ავტოსადგურია, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან მოძრავი სამარშუტო ავტომანქანები შედიან. ავტოსადგურების ტერიტორია, უკვე წლებია კერძო პირების ხელშია და ისინი გადასახადებს არამხოლოდ რეგისტრირებულ მძღოლებს, არამედ, იმ კერძო პირებსაც ახდევინებენ, რომლებიც ადგილზე პარკირებისთვის ჩერდებიან.

ამის მიუხედავად, ავტოსადგურები მოუწესრიგებელია და არც სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებს.

ტერიტორიების მფლობელებს პრობლემაზე საუბარი არ სურთ და კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, თუმცა რადიო ჰერეთთან კერძო საუბარში ამბობენ, რომ ფინანსურად, რეფორმისთვის მზად არ არიან.

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს რომ თვითორგანიზებული და მოუწესრიგებელი ავტოსადგურები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.

“ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. ეს სფერო, მთლად კონტროლიდან არის გამოსული. დროა, რომ ევროპის სტანდარტს დავუაზლოვდეთ”- თქვა მესხიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურების მოწყობა ქვეყანაში 2025 წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button