მნიშვნელოვანირეგიონი

“თუ მოქალაქეები ბუსტერ დოზით არ აიცრებიან, სტაბილურ ვითარებას ვერ შევინარჩუნებთ”

“თუ მოქალაქეები ბუსტერ დოზით არ აიცრებიან, სტაბილურ ვითარებას ვერ შევინარჩუნებთ”- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა გააკეთა.
ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია, რამაც შესაძლოა, სიტუაცია ისევ გაართულოს.

“დღევანდელი მდგომარეობით, ვითარება სტაბილურია, როგორც დადებითობის, ასევე სხვა ყველა მაჩვენებელი. კახეთში ლეტალური შემთხვევები მინიმუმამდეა ჩამოსული, თუმცა, ძალიან შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. თუ ასე გაგრძელდა და ბუსტერ- დოზებით მოსახლეობა არ აიცრება, შესაძლოა ვითარება ისევ გართულდეს”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვაქცინაციის მიმართ, მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეცვლილა. გარკვეული ნაწილი, ისევ მიიჩნევს, რომ ვაქცინის გაკეთებას აზრი არ აქვს.

” ომიკრონი გადავიტანე და რისთვისღა გავიკეთო? ამბობენ, აღარ არის მძიმე ვითარებაო. ოჯახში არცერტშ არ გვაქვს გაკეთებული ვაქცინა, არ ვთვლიდით საჭიროდ”- განაცხადა თელავში მცხოვრებმა, ვანო გელაშვილმა.
30 აპრილის შემდგომ, კახეთში, ყოველდღიურად, კორონავირუსის 2-3 შემთხვევა დასტურდება.
სპეციალისტები თვლიან, რომ მსოფლიოში სიტუაციის დასტაბილურება, სწორედ ვაქცინაციით გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა.

ევროპის წამყვან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელმა 80%- ს მიაღწია, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რამდენიმე თვეა მოხსნეს და მოსახლეობის ბუსტერ- დოზით აცრას აგრძელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button