მნიშვნელოვანისიახლეები

თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას

კანონმდებლობის მიხედვით თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც წესი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში სხვა ქვეყნის მოქალაქე არსად ირიცხება.

„არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, მე თვალი ვერ ვადევნე, რაზეა საუბარი, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა, ეს არ ვიცი. სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ ეს არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, სამართლებრივი განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის მოქალაქეობას კარგავს.

აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი.

თუ ვინმე შედის კონკრეტული ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის ლოგიკურად უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქეც, ლოგიკა ასეთია. თუ ვიღაც მიდის საქართველოდან, ირიცხება მაგალითად უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, გამოდის რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე და სხვანაირად როგორ აკეთებენ, არ ვიცი. მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ პირი ირიცხება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, თავდაცვის ძალები არის ოფიციალური სტრუქტურა, თანაც განსაკუთრებული სტრუქტურა, რადგან საქმე თავდაცვას ეხება. მაგალითად: საქართველოში ვინმე თავდაცვის ძალებში, რომ ჩაირიცხოს ის უნდა იყოს შენი მოქალაქე. ალბათ, იქაც ასეა და მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. თავდაცვის ძალები პირდაპირ უკავშირდება სუვერენიტეტს. არამოქალაქე, რომ ჩაირიცხოს შენს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არა მგონია სადმე ხდებოდეს. ასეთ დროს როცა პირი გადადის სხვა ქვეყანაში, იქაურ მოქალაქეობას იღებს, ირიცხება თავდაცვის ძალებში ეს პირდაპირ სუვერენიტეტს უკავშირდება, სამართლებრივად ასეთი ადამიანები კარგავენ ხოლმე პირველი ქვეყნის მოქალაქეობას, ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად საერთოდ არ მინდა ამ თემაში შევიდე“,- განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის შესაძლო შეწყვეტის საკითხი. როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა.

პოლიტიკოსების განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებმაც ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს.

“ეგ არის პირდაპირ მუქარა, ჩვენ მაგით ვერ შეგვაშინებს, ეგ არის გამორიცხული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვინც აქ ვიმყოფებით, ვართ მოხალისეები. მოხალისეობის გამო როგორ ფიქრობს მამუკა მდინარაძე იურისტი, რომ მისი სიტყვების გამო ჩვენ აქ ან საქართველოში ვინმე მოქალაქეობას ჩამოგვართმევს? ასე არ ხდება. ნუ იმუქრება, არ ვართ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე ის ხალხი, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის გვეშინია” – რომეო ფარულავა.

“ეს არის დავალება დიდი რუსეთიდან, რომ შეტევა მოიტანოს ჩვენზე, დაშინების სიგნალი არის ეს ფაქტობრივად” – ამბობს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

“ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს. პირველად გავიგე ასეთი რამ. 90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ და არაერთგზის და ვის აქვს უფლება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მათი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის აქვთ მიძღვნილი“ – უკრაინაში მებრძოლი ვაჟა ცეცაძე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფონია სახელისუფლებო მედია POST TV-ის მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ უკრაინაში ქართულ ლეგიონში გაწევრიანების მსურველები ანაზღაურებას იღებენ.
ნახევრად მოხალისეობის არ მჯერა, პირი ან მოხალისეა, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იდეისთვის იბრძვიან – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თავიდან ამბობდნენ, რომ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა თანხის სანაცვლოდ არ ხდება, თუმცა საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა.

“ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, თავიდან გახსოვთ, რომ უარყოფდნენ ასეთ რამეს, ამბობდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ არ ხდება უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა, საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა და ახლა ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. მე ნახევრად მოხალისეობის არ მჯერა, პირი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იდეისთვის იბრძვიან. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის კითხვის ნიშნები და ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის რა თქმა უნდა, გმირია. მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. მაგალითად ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაც მიდიოდეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება გუშინ გამოვლენილ ფაქტს, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება და უკრაინაში ჩაყვანა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში საომრად ქართველები მიჰყავთ, ფაქტებით დადასტურდა – ასე აფასებენ მმართველ გუნდში მედიაში გავრცელებულ მასალებს და ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მიმოწერაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს. ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ჯგუფის წარმომადგენელს ომში წასვლის მსურველად გაეცნო. მიმოწერით თანახმად, სამხედრო შენაერთის, “ლეგიონის” წარმომადგენელი, საბრძოლო გამოცდილების გარკვევის შემდეგ, “ომში წასვლის მსურველს” თვეში 45 ათას გრივნას, ანუ 2000 დოლარამდე სთავაზობს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს ფაქტობრივად ატყუებენ, რადგან მათ არ აფრთხილებენ რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

“მოუწიათ თვითონაც ეღიარებინათ რომ იყო სიმართლე, მაგრამ სიმართლეში ყველაზე უფრო მიუღებელი იყო ის, რომ ჯერ ერთი, ისინი გარკვეულ თანხას სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ უკრაინაში საომარ მოქმედებებში და შემდეგ ატყუებენ მათ, როცა ეუბნებიან რომ გახდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, რაზეც არ აფრთხილებენ მათ და ფაქტობრივად ატყუებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ლოკალური ომის პარტიისა და რადიკალური ოპოზიციის მტრობაზე ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ და მათი საერთო დამოკიდებულება და სულისკვეთება რომ არის ასეთი, ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ დღეს ისინი გაარაფრების გზაზე დგანან,” – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური საომარ მოქმედებებში ადამიანის ფულის სანაცვლოდ წაყვანას ღირსების აყრად მიიჩნევს.

“ამ ადამიანს როგორც ვხედავთ პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, თუმცა სხვა არაფერია თუ არა ის რომ დაიქირაო ადამიანი, რათა როგორც ჩანს იქ რაღაც საკუთარი ინტერესები გაატარო. არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, რაც ბუნებრივია რომ აქ არ და ვერ იკვეთება, ცხადია ამორალურია თანხის სანაცვლოდ საომარ მოქმედებებში ადამიანების წაყვანა. ეს არის პირდაპირ შენი ქვეყნის, შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ შენ საკუთარი ოჯახი, საკუთარი სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში,” – ამბობს ღუდუშაური.

მსგავსი პოსტები

Back to top button