მნიშვნელოვანისიახლეები

,,თუ ქარტია შესრულდება ქვეყანა დაბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე,,-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპის დედაქალაქებში გამართულ შეხვედრებზე მიიღო დაპირება, რომ თუკი პოლიტიკური პარტიები შეასრულებენ „ქართულ ქარტიით“ გაწერილ პირობებს, ქვეყანა დაბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს… ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, პირობა მივიღე, რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით – მოლაპარაკების გახსნის კარებთან“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“) მართავდა შეხვედრებს, რათა მათ კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ, რომ არიან ერთგულნი ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების. მათ შორის იმის, რომ პრეზიდენტი დაასახელებს ტექნიკურ მთავრობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამ პუნქტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ოპოზიციაში.

„მგონი, რომ დრო არის, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ამ ქარტიის არამარტო სულისკვეთების, არამედ მისი ყოველივე სიტყვის ერთგული. ეს არის ისეთი დოკუმენტი, რომელშიც არ შეიძლება მერე იყოს გაუგებრობა. სტაბილურობა ამ ქვეყნის არის ამაზე დამოკიდებული.​..

მე ველი, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელი პარტიაა თანმიმდევრული ამ ქარტიისთან“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ბრიფინზე ასევე თქვა, რომ არჩევნებამდე აპირებს ტექნიკური მთავრობის წარდგენას:

„მე ვთვლი, რომ წარდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ამ ქვეყანას ქარტიის გზას…“
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ქარტიის” პირობებს შეასრულებენ.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

“ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ “ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, – წერია „ქართულ ქარტიაში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button