“თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს ორშაბათს მე მოვაწერ” | პაპუაშვილი
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, ამას ორშაბათს თავად გააკეთებს.
პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი არჩევნები, ეფექტიანად მომუშავე ცესკო.
„საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს და ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა ნაბიჯებთან ერთად, რომლებიც ეხება ელექტრონულ ცვლილებებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებები.
„რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს. აქაც ინიცირებულია პროექტი, უფრო სწორად, პირველი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენითაც მივიღებთ. ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ცხრა ნაბიჯის გარეშეც, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით არის ლიდერი ყველაფერში. დღეს არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებები. სინამდვილეში, ეს მოლაპარაკებები უნდა გახსნილიყო მაშინვე, დეკემბერში, როდესაც მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვასთან. დეკემბერში დაიჩაგრა საქართველო, ახლაც იჩაგრება. ქართველი ხალხი ხომ ხედავს და იცის, სად არის უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა ინსტიტუციური განვითარებით, ევროკავშირთან დაახლოებით, კორუფციის, სასამართლოს საკითხების კუთხით და სად არის საქართველო. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე ხედავს უსამართლო მოპყრობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია.
მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.