მნიშვნელოვანისიახლეები

თუ შეწყალებას მთხოვთ და არჩევნებზე კენჭს იყრით, შეგიწყალებთ – ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

ყაველაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, – წერს ყაველაშვილი “ფეისბუქზე”.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.

მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.

ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა ამ დროისთვის, ოთხი ივლისისთვის, რვავეს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა.

ორი მათგანი – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე – აპირებენ პარტიულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.

იმ რვა პარტიას შორის, რომლებიც უარს ამბობენ, მათი სახელდებით, „ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე“, – რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს“, – არიან:

„თავისუფლების მოედანი“ („ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ყოფილი წევრი)
„ევროპული საქართველო“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„ახალი“
„გირჩი-მეტი თავისუფლება“
„დროა“
„ფედერალისტები“

მსგავსი პოსტები

Back to top button