“თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს”
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს. თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს. რაც სომხეთმა ჩაიდინა, მიუღებელია. აზერბაიჯანის არმიამ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო და მოიგერია თავდასხმა. ვხედავთ, რომ კონფლიქტის ახალი კერების შექმნით, სომხეთს სხვა ტერიტორიებზე სურს ყურადღების გადატანა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებული აქვს. რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანი, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ.” – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებულია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გრძელდება. არიან მოკლულები და დაჭრილები.” – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.
„სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს. მხარეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება.”
“თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას.“- აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
როგორც სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი დაიღუპნენ.
აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას! ჩვენი მიწა, სამშობლოსთვის ჩვენი ბრძოლა წმინდაა. ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა. მტერმა საკადრისი პასუხი მიიღო და ეს სულ ასე იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ და გავხდებით უფრო ძლიერები. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება სამხედროების მშობლების წინაშე. ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანელი ხალხი თქვენ გვერდითაა.” – განაცხადა მეჰრიბან ალიევამ.
შეგახსენებთ, 12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. აზერბაიჯანულმა მხარემ სამი სამხედროს დაღუპვა დაადასტურა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი, დღემდე ამტკიცებდა, რომ დანაკარგი არ აქვთ.