მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მასობრივი დემონსტრაციების მიუხედავად, სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდეს

თურქეთის სასამართლომ კვირას სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა და პატიმრობა შეუფარდა სასამართლო განხილვის დასრულებამდე. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა-ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.
ხუთშაბათიდან ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ათზე მეტ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში. აქციები ძირითადად მშვიდობიანი ხასიათისაა და ისინი იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებენ.

პროკურატურამ სასამართლოს იმამოღლუსა და მისი ოთხი თანაშემწის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. საქმე კორუფციისა და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებებს ეხება. თურქეთის ხელისუფლებამ იმამოღლუ გასულ კვირას დააკავა, რის შემდეგაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

დანარჩენი ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.

CNN Turk-ის ინფორმაციით, სასამართლომ კვირას ოფიციალურად დააკავა იმამოღლუ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებით. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება ცალკე გამოძიებას, რომელიც მას და მის გარემოცვას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და ქურთისტანის საზოგადოებების კავშირთან (KCK) სავარაუდო კავშირში ადანაშაულებს, რასაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.

იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button