მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთმა და ისრაელმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ელჩების ხელახლა დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა თურქეთთან სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ.

„გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონე სრულ დიპლომატიურ კავშირებამდე გაუმჯობესდეს და ელჩები და გენერალური კონსულები დაბრუნდნენ. ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას“,- აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა დიპლომატიურ გარღვევას და თქვა, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი მოგება რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე ისრაელის მოქალაქეებისთვის“.

შეგახსენებთ, ორმა ქვეყანამ ერთმანეთის ელჩები 2018 წელს, ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის მკვლელობის გამო იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის წინააღმდეგ ღაზას საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გააძევა.
ისრაელი და თურქეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გააუმჯობესონ ურთიერთობები, რომლებიც 2008 წელს გაუარესდა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ.

ურთიერთობები გაიყინა მას შემდეგ, რაც ათი სამოქალაქო პირი დაიღუპა ისრაელის რეიდის დროს თურქულ ხომალდზე, როცა გემები ცდილობდნენ გაერღვიათ ისრაელის ბლოკადა და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინათ ღაზისთვის 2010 წელს.

შერიგების შესახებ 2016 წელს მიღწეული შეთანხმება კინაღამ ჩაიშალა 2018-2019 წლებში, როცა ისრაელმა ღაზის 200-ზე მეტი მკვიდრი დახოცა საპროტესტო გამოსვლებისას.

მარტში, ანკარაში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ ეს შეხვედრა მოასწავებს „შემობრუნების წერტილს ჩვენს ურთიერთობებში“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ელჩების დანიშვნა ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი ნაბიჯია.
ისრაელს არ დაუზუსტებია, როდის გაგზავნის თავის ელჩს ანკარაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button