თურქეთში დააპატიმრეს ამბოხის მონაწილე 3000-მდე სამხედრო

უშედეგო სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში უშიშროების მიერ დაწყებული ოპერაციის ფარგლებში დაპატიმრებულ იქნა 2839 სამხედრო პირი, რომლებიც მხარს უჭერდნენ და მონაწილეობდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.
ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განუცხადა ტელეარხ „ჰაბერთურქს“. მისივე თქმით, წუხელ მომხდარი შეტაკებებისა და არეულობის შედეგად დაიღუპა 161, ხოლო დაშავდა 1440 კაცი.
პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებულია დაღუპულთა შესახებ თურქეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ უმით დუნდარის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად ანკარაში დაიღუპა 104 ჯარისკაცი, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ.
გენერალმა დუნდარმა „წამებული“ უწოდა პოლიციის 41 თანამშრომელსა და 47 სამოქალაქო პირს, რომლებიც ამბოხის ჩახშობის დროს დაიღუპნენ. ბინალი ილდირიმმა სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთის დემოკრატიის „შავი ლაქა“ უწოდა.
უფრო ადრე, თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამდებობიდან გადააყენეს ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობის დამხობის მცდელობაში.