თურქეთში რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს
თურქეთში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს, – ანტალიაში რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულზე დაყრდნობით გვაცნობებს РИА Новости.
თურქული სააგენტო Doğan Haber Ajansı იუწყება, რომ სტამბულის ტერაქტის შემდეგ, ანტალიაში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული რეიდების შედეგად, სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებლიდან საეჭვო საორგანიზაციო საბუთები და კომპაქტ-დისკები ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს სტამბულის ისტორიული ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის – ეგვიპტიდან ჩამოტანილი თეოდოსიუსის (თუტმოს III) ობელისკის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტს 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული. თურქეთის ვიცე-პრემიერ თუმან კურტულმუშის ინფორმაციით, ტერორისტის ვინაობა გვამის ნაწილების მიხედვით უკვე იდენტიფიცირებულია. იგი სირიაში 1988 წელს დაბადებული ნაბილ ფადლია, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქედ ითვლებოდა.