მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთში საპროტესტო აქციების დროს, ჯამში, 1 133 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, გასულ კვირას საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 1 133 ადამიანი დააკავეს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში იერლიკაია პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში, ქუჩის აქციების წახალისებასა და პოლიციაზე თავდასხმაში“.

„ჩვენი ქუჩების ტერორიზაცია და ჩვენი ერის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა აბსოლუტურად დაუშვებელი იქნება“, – აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მან მომიტინგეები დემონსტრაციის უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში და პოლიციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. აქედან გამომდინარე ცალსახად გაფრთხილებთ: ნურავინ ეცდება ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ფარად გამოიყენოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, თურქეთის პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს სტამბოლსა და იზმირში, სულ მცირე, ათი ჟურნალისტი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. „ფრანს პრესის“ ცნობით, დაკავებულს შორის არის სააგენტოს ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ სახლში დააკავეს.

საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა. ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს.

„ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება და მათ შერცხვებათ იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button