მსოფლიოსიახლეები

თურქმენეთის მთავრობამ დემონსტრანტებს ფქვილი დაურიგა

თურქმენეთის ხელისუფლებამ სურსათის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლის გაბრაზებული მონაწილეები დააშოშმინა და მათ ფქვილი დაურიგა.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, თურქმენეთის მარის რეგიონში, სამხრეთ აღმოსავლეთში, 30-მდე ქალი ქუჩაში გავიდა და სუბსიდირებული ფქვილის დეფიციტის გამო, პროტესტი გამოხატა. ქალაქ მარის დასავლეთ უბანში შეკრებილებმა მცირე ხნით გადაკეტეს ავტომაგისტრალი, რომელიც რაიონს დედაქალქ აშხაბადთან აკავშირებს. შემდეგ ისინი ადგილობრივი მთავრობის შენობისკენ გაემართნენ.

მათი პროტესტი მას შემდეგ დასრულდა, როცა მთავრობამ ორგანიზება გაუკეთა თითოეული დემონსტრანტის ორი კილოგრამი ფქვილით დასაჩუქრებას.

თურქმენეთის მოსახლეობა ფქვილის დეფიციტს უკვე სამი წელიწადია განიცდის, მაგრამ ახლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა, სურსათით მომარაგება გართულდა. შეზღუდვები შეეხო საგზაო ტრანსპორტს, დაკეტილია საზღვრები და არ ხერხდება მეზობელი სახელმწიფოებიდან საქონლის იმპორტი.

თურქმენეთს 1500 კილომეტრიანი საზღვარი აქვს ირანთან, რომელიც პანდემიამ ძლიერად დააზარალა.

ამასთან, თურქმენეთის მთავრობა არ ასახელებს კორონავირუსის არც ერთ შემთხვევას, რაც აშხაბადის მონაცემების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button