თუშეთის გზაზე, ტრანსპორტის მოძრაობა ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება
თუშეთის საავტომობილო გზაზე, ტრანსპორტის მოძრაობა ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.
ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა.
ლადო კახიძის ინფორმაციით, ფშაველია-აბანო-ომალოს გზა, საძოვრებიდან ცხვრის გადმოყვანის შემდეგ ჩაიკეტება.
“ჯერ არის გზაზე მოძრაობის შესაძლებლობა. მესაქონლეებმა საქონელი უკვე ჩამოიყვანეს. ახლა ცხვრის ფარები გადმოჰყავთ მწყემსებს. ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე, ტრანსპორტის მოძრაობას შევინარჩუნებთ”, – განაცხადა კახიოძემ.
თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა, ყოველი წლის 15 ოქტომბრისათვის იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.
ბოლო ორი წელიწადია, თუშეთისაკენ გზის გაწმენდისა და გახსნის სამუშაოები გვიანდება, რაც სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პროტესტს იწვევს.
ზაფხულის სეზონზე, ადგილობრივები გზის დროულად გახსნას, სასტომროების ამუშავებას, თუშეთში წამსვლელ მგზავრთა მომსახურების სევისისა და საქონლის გადაყვანას ითხოვდნენ.
გასულ წელს, მოსახლეობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ბლოკირებაც მოახდინა.
ყოველწლიურად, თუშეთში, მუდმივად საცხოვრებლად, 20- 25 ოჯახი რჩება.