თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ნახსენებმა პოლიციელმა პოსტი დატოვა
დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პოსტი დატოვა სამტრედიაში, დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე პოზიცია დატოვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი კადრების განყოფილებაშია გადაცემული გამოძიების დასრულებამდე.
დემურ სტურუას თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 8 აგვისტოს, შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
”გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს.
ნანა სტურუას თქმით პოლიციელი მის შვილზე სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობდა, რასაც დემურ სტურუამ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დემურ სტურუამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში მოიკლა თავი. 22 წლის მამაკაცმა გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.