“თვითმმართველობის არჩევნები 35 მილიონ ლარამდე დაჯდება”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელს 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაჯდება.

აღნიშნული თანხა ცესკო-ს 2017 წლის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარია. თამარ ჟვანია ამბობს, რომ ხარჯები მაშინ იზრდება, როცა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდია ხანგრძლივი, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდა. ამჯერად კი, ეს მოსალოდნელი არ არის, რადგან უკვე ცნობილია, რომ თარიღი არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაზუსტდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, წლის დასაწყისიდან დაიწყო. თამარ ჟვანიას თქმით, დიდი დრო დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტი კი დავების ეფექტურ წარმოებაზე გაკეთდა.

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკთან დაკავშირებით, მუშაობა, ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button