,,თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი,,-ოცნება
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების თემაა

თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი დემოკრატიული მანდატის რაღაც ნაწილის მიღების, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები არის ოპოზიციის ბოლო შანსი.
„ცინიზმია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, იმდენად არ აფასებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება, მათი ამომრჩევლები იყვნენ წინა არჩევნებში, რომ ასე შეუძლიათ თვალში ნაცარი აყარონ. წელს, შემოდგომაზე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგ იქნება სამი წელი, როცა არჩევნები არ გვაქვს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ასე, რომ რადიკალების გადასაწყვეტია. ეს არის მათი ბოლო შანსი დემოკრატიული მანდატის რაღაც ნაწილის მიღების. ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების თემაა. არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პარტიების ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება გაკეთდა გახარიას გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ არცერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ.
მმართველ გუნდში ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, თითქოს არჩევნებს ემიჯნება, რეალურად კი არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს, გაცემულია დავალებები და პარტიული შეკრებები რეგიონებში:
“როდესაც მარიონეტულია ოპოზიცია, ძალიან რთულია თავისი გადაწყვეტილებები მიიღონ, წამხედურობაც არის, მაგრამ ძირითადად ინსტრუქციაა იმ მხრიდან, რომელიც გაცილებით უფრო გლობალურ პროცესებშია ჩართული. დღესდღეობით ასეთი არაოფიციალური ბრიუსელია. ადამიანები ჩამოყალიბდნენ მარიონეტებად და ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი უკეთ მოემსახურება შეკვეთას,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
ალბათ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა – საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ისინი დაბეჯითებით საპირისპიროს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის რთული არჩევანის წინაშე არიან – საკუთარი ტყუილები გამოიტანონ საჯაროდ და განაცხადონ, რომ მოსახლეობას ატყუებდნენ და რეალურად არაფერი იყო, თუ მაინც საარჩევნი დაპირისპირებაში შევიდნენ. ალბათ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა – საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება“, – განაცხადა მახაშვილმა
ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ატყუებდნენ.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, – განაცხადა სამხარაძემ.
სალომე სამადაშვილის განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. გარე ძალების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების კიდევ ერთი დასტური – ასეთია სამადაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შეფასება. მათი განცხადებით, ქვეყანა არა ვინმეს განწყობებით, არამედ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმართება.
“გახსოვთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი აღმოჩნდა პარლამენტში. როგორც ჩანს, 2024-შიც ისინი იგივე სცენარს ვარაუდობდნენ, რომ კვლავ იქნებოდა რაიმე შარლ მიშელის მსგავსი შეთანხმება, თუმცა, 2020-ისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება სხვაგვარად მოიქცა, საქართველოს პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას 2028 წლამდე.
რაც შეეხება განწყობებს, ეს ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, განწყობებით ქვეყანა არ იმართება, განწყობების მიხედვით ხალხი არ იღებს გადაწყვეტილებებს და, დიახაც, ახლაც, 2024 წელს ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ჩატარდა არჩევნები, რა შედეგით დასრულდა და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს განწყობების, ქვეყნის შიგნით იქნება ეს თუ ქვეყნის გარეთ, ისე ვმართოთ ქვეყანა,” – აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.
გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების წინ პარტიას „პატრონი“ რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს.
„გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატრონი ჰყავთ, შიგნით, ბუნებრივად მოწინააღმდეგეები არიან. მათ არ აქვთ სურვილი საქართველოსა და მოსახლეობის მსახურების, ეს მათი ბუნებაა – წინააღმდეგობა, ერთმანეთის ჩაშვება, ლანძღვა-გინება.
რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როდესაც ერთ საერთო ტიპის განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგი იძახის – „მივიღებ მონაწილეობას“, ზოგი – „არ მივიღებ“, ზოგი -„ჯერ არ ვიცი“, ზოგიც ამბობს, რომ „პატრონს უნდა ჰკითხოს“.
ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და მეორე ის, რომ მათი პატრონი, რასაც ეტყვის არჩევნების წინ იმას გააკეთებენ, ასევე არის მესამე ვარიანტიც – რეგიონებში სიარული იმიტომ უნდათ, რომ უცბად რომ უთხრან მონაწილეობა მიიღეთო, ოფისები მაინც ჰქონდეთ გახსნილი წინასაარჩევნოდ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რეგიონებში შეხვედრების გამართვა ცალსახად არ ნიშნავს, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება – აუცილებელია, რომ პარტიის წევრებმა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, პირველი ხელიდან მიიღონ,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„რეგიონებში შეხვედრების გამართვა ცალსახად არ ნიშნავს, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. „ლელო“ ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები. თვეების წინაც რუტინულად დავდიოდით რეგიონებში და ადგილობრივ აქტივს ვხვდებოდით. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ოფისები არ დაგვიხურავს და ვოპერირებთ ყველა ქალაქში. აუცილებელია, რომ პარტიის წევრებმა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, პირველი ხელიდან მიიღონ.
დღეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და ბედი წყდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ციხიდან გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ციხეში ტყუილად სხედან, მიხეილ სააკაშვილიც პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ ვგულისხმობ. უნდა შევწყვიტოთ იაფფასიანი, არაფრის მომცემი და პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელი კინკლაობა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. მისი შეფასებით, „აშშ-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომელმაც 2 წლის წინ გვითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან ანტიქართული საქმიანობის გამო დასანქცირდა“.
„არ ვიცი, რა სტატუსით მივიდა წითელ მოედანზე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი. აშშ-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომელმაც 2 წლის წინ გვითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან ანტიქართული საქმიანობის გამო დასანქცირდაო. შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი დააფარა და თავისი ფულით ქვეყნიდან გააქცია. არ ვიცი, რა სტატუსით იყო – რიგითი რუსი პატრიოტი თუ რიგითი „ჩეკისტი“.
ფარცხალაძეზე გაკეთებული ფსონი, მის მიერ საქართველოში შექმნილი რუსული პარტია და ის ხალხი, რომელიც ამ პარტიამ შემოიკრიბა, მათ „ხელისუფლებამ“ კომპლექსები მოუხსნა, ეს ხალხი აქამდე იმალებოდნენ და თავიანთ შეხედულებებს მალავდნენ, დღეს კი დარბაზებში იკრიბებიან და სერიოზულად ლაპარაკობენ, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დაჯდეს. იგივე ხალხი კობახიძესა და კალაძეს აგინებს, რომ მათ დანარჩენ საქართველოს ევროპის დღე მიულოცეს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ასევე, თაზო დათუნაშვილი კიდევ ერთ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საგარეო საქმეთა სამინისტრო შტატებს ამცირებს. დათუნაშვილი ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეებს საგარეო უწყებიდან ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო უშვებენ.
„ძალიან მძიმე ვითარებაა ყველა უწყებაში, მათ აღარანაირი ელექტორალური საყრდენი აღარ აქვთ. „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური საყრდენი ოქტომბრის არჩევნებამდე ჰქონდა, რადგან ეს საყრდენი ევროპულ გზაზე გადიოდა, დღეს კი ეს საყრდენი გამოცლილი აქვთ. მათ ამომრჩევლები დაკარგეს. ქართველი კაცი უკეთეს მომავალს მოსკოვში და პეკინში ვერ ხედავს, ფაქტია. ამ ადამიანების წმენდა მიდის. ასევე იდეოლოგიურიცაა – ამცირებენ დასავლურ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში წარმომადგენლობას და თან ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან, რომლებიც მათ შეხედულებებს არ ეთანხმებიან. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ანტიქართული ქმედებით ანგრევს უდიდეს ინსტიტუტს, ქართული დიპლომატიის, რომელიც ძლივს ავაშენეთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თუ არსებული სტატუს -კვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგჯერ, როგორც „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა, ხელს არავინ უშლის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, არცერთი პარტია არ უცხადებს ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნებს.
„როდესაც ჩვენ დასავლელ მეგობრებსა და დიპლომატებს ვხვდებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ძალიან ადეკვატური პოზიცია აქვთ დასავლელ პარტნიორებს, იმიტომ, რომ თუ არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაა და თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგჯერ, როგორც „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო მიიღონ მონაწილეობა, ხელს არავინ უშლის. წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ „ჩვენ არ ვუცხადებთ ბოიკოტს“ – ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს! თუ ყველაფერი შეიცვლება, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება არცერთი პარტია არ ვუცხადებთ ბოიკოტს[ თვითმმართველობის არჩევნებს] და თუ არ ინიშნება, რა არჩევნებში გადიან? პოლიტპატიმრები ციხეში სხედან და ისინი თბილისის შემოვლით გზაზე აპირებენ კამპანიის ჩატარებას, თუ „ბასლაინებზე“ აპირებენ საუბარს, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. ეს არის უაზრობა, მარაზმი და მხოლოდ და მხოლოდ, ემსახურება თითქოს მათი განსხვავებული პოზიციის გამოკვეთას, რაც დამერწმუნეთ, არ აქვთ“-განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრას, ლევან სანიკიძის მოსაზრებით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ გიორგი გახარიას პარტიის მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, ამიტომ ბევრად უფრო ნაკლები პრეტენზიის საფუძველი შეიძლება იყოს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიმართ. ამასთან, სანიკიძემ ისაუბრა, თუ რას აკეთებს მათი პარტია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“.
„ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სხვადასხვა კამპანიის თვალსაზრისით რეგიონებში. არ არის აუცილებელი ყოველთვის კამერების წინ მუშაობა. საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ.
ინსინუაციები რომ არ წავიდეს, თითქოს ეს გასვლები ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას და ა.შ. არის აუცილებელი ყოველთვის კამერასთან პოზირება, სხვადასხვა რეგიონში საკუთარ გუნდს შეგვიძლია კამერის გარეშეც შევხვდეთ.
„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ჩაინიშნება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არჩევნებს ადმინისტრირებას ირაკლი კობახიძე არ გაუწევს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.