“ტიტანიკის” ჟანგიანი გასაღები $104,000-ად გაიყიდა [Video]
“ტიტანიკზე” მდებარე კარადის რკინის გასაღები ლონდონის აუქციონზე 85 ათას გირვანქა სტერლინგად (104,000 დოლარი) გაიყიდა.
კოროზირებული გასაღები ეკუთვნოდა გემზე მომუშავე, 25 წლის სიდნი სედუნარის, რომელიც “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახების შედეგად დაიღუპა.
გასაღები, რომელზეც მიმაგრებულია თითბრის ფირფიტა, წარწერით “Locker 14 F Deck”, სედუნარის ფეხმძიმე ქვრივს გაუგზავნეს მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის გვამი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ “ტიტანიკი” (RMS Titanic, SS Titanic) — “ოლიმპიკის” კლასის ინგლისური ლაინერი და XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი იყორომელსაც კომპანია White Star Line ფლობდა. იგი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, გემთსაშენ Harland and Wolff-ში 1909-1912 წლებში აშენდა.
“ტიტანიკი” 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაემგზავრა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და ირლანდიურ ქვინსთაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც საზღვაო ისტორიაში მის ჩაძირვას ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად ხდის.
მსხვერპლის რაოდენობა კი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფასები “ტიტანიკის” არტეფაქტებზე მკვეთრად გაიზარდა. მაგალითან 2013 წელს ვიოლინო, რომელიც “ტიტანიკის” ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნოდა, აუქციონზე 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.