მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა მოკავშირეებისგან იარაღს კვლავაც მიიღებს

აშშ-ის მსგავსად გერმანიაც მიაწვდის უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დამატებით ბატარეას. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ასევე გერმანია უკრაინას გადასცემს 20-დან 40-მდე ერთეულ ქვეითთა დაჯავშნილ მანქანა Marder-ს.
ცნობაში ნათქვამია, რომ ამერიკისა და გერმანიის ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ბაიდენმა და შოლცმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ კიევის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამდე, სადამდეც იქნება ეს საჭირო.

პრეზიდენტმა და კანცლერმა მადლიერება გამოხატეს პარტნიორებისა და მოკავშირეების მისამართით, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და მიესალმნენ დამატებითი უსასყიდლო შეიარაღების მიწოდებას.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ სთხოვა თავის დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარება. ეს სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეგულარული დაბომბვების ფონზე. საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს ძალუძს მცირე რადიუსის მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. უკრაინის სამხედროებს რამდენიმე თვეში ასწავლიან ამ სისტემებით მუშაობას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის აშშ-ის სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Bradley-ს. პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოცხადდება. რაიდერმა ხაზი გაუსვა, რომ Bradley-ს შეუძლია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქვეითების გადაყვანა და განკუთვნილია როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის.

Bradley აღჭურვილია 25-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი დანადგარით. სამხედრო ექსპერტების თანახმად, ამ საბრძოლო ჯავშანმანქანების მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სახმელეთო ძალების ბრძოლისუნარიანობას.
სააგენტო Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ დღეს, 6 იანვარს გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ და ამ პაკეტში იქნება 50-მდე Bradley-ც.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 21 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
წლის დასაწყისში კიევისთვის მსუბუქი ბორბლებიანი ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადა საფრანგეთმა. ამის შემდეგ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შოლცს მიმართა თხოვნით, მისდიოს პარიზის მაგალითს.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, სანქციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

“მე მჯერა, რომ სანქციები არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ამ საშინელი ომის შესაჩერებლად. ეს ჩემი პირადი პოზიციაა. ზოგი ფიქრობს, რომ სანქციები სხვა როლს თამაშობს – ეს არის რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – ომის შეჩერება.

რა თქმა უნდა, თუ ვიტყვით, რომ სანქციები ამისთვის იყო დაწესებული, გამოდის, რომ არ იმოქმედა, რადგან ომი გრძელდება. თუმცა, სანქციები არ შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტურად”, – თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის შვილები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იმ იარაღს მიიღებს, რომლის მიღება შარშან ვერ მოხერხდა.

“ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას”, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში “ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს” მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.

“იარაღის მიწოდების შესახებ ზოგიერთი გადაწყვეტილება უშუალოდ საუბრის დროს მიიღება, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი უყოყმანოდ, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა”, – განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა გადამწყვეტ ფაზაში შედის და უკრაინელებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – უკრაინის გამარჯვება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში სტაბილური, სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი პოსტები

Back to top button