მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა

რუსეთი და უკრაინა ოფიციალურად ადასტურებენ 29 ოქტომბერს განხორციელებულ სამხედრო ტყვეთა გაცვლის მორიგ პროცესს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან 102 პატიმარი გათავისუფლდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ცნობით, უკრაინამ დაიბრუნა 50 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი. მათ შორის, ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ბატალიონ “აზოვის” 2 ჯარისკაცი და სხვადასხვა სახეობის ჯარის 36 სამხედრო მოსამსახურე.- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

ახლა ისინი ყველა სამედიცინო შემოწმებას გადიან.

“ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის – ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის – უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი “აზოველის” ჩათვლით, საზღვაო ძალების 18 მებრძოლი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 8 წარმომადგენელი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 მებრძოლი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე“, – განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, არ წყდება ძალისხმევა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა უკრაინელის სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს.

რუსეთის მხარე კი აცხადებს, რომ გაცვლა მოხდა სქემით 50/50.

უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიან საბრძოლო მოქმედებების დროს დატყვევებულ სამხედრო და სამოქალაქო პირებს. ბოლოს პატიმრების გაცვლა 13 ოქტომბერს მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 20-20 ადამიანი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან ტყვეების 24 გაცვლის პროცესი შედგა, რის შედეგადაც ოკუპანტებისგან უკრაინამ 808 ადამიანი გაათავისუფლა

მსგავსი პოსტები

Back to top button