მნიშვნელოვანისაქართველო

ტყვიის მომატებული შემცველობის მქონე ბავშვების შემდგომ კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ ბავშვებს, რომელთაც სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოაჩნდათ, სახელმწიფოს დაფინანსებით, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გასაჯაროვებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

,,კვლევის შედეგების მიხედვით, 59% სისხლში ტყვია დღევანდელი ნორმის ქვემო საზღვრებშია, ანუ აქვთ 5 მკგ-ზე ნაკლები. 25% ჰქონდა მსუბუქი მატება 5-დან 10 მკ- მდე. რატომ ვამბობ მსუბუქი? იმიტომ, რომ მთელ რიგ ქვეყნებს დღესაც ზღვრულად მიაჩნიათ 10 მკგ-მდე ან ტოლი და 10-ის შემდეგ იწყებენ სერიოზულ ჯანდაცვით ღონისძიებებს. ჩვენთან 16% აღმოჩნდა, ვისაც 10-ზე მეტი აქვს. მთლიანად ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, ბევრჯერ განვიხილეთ ეს მონაცემები კონსულტანტებთან ერთად, მაგრამ არ არის პანიკის საფუძველი. ეს საჭიროებს შემდეგ ინტერვენციებს.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 650 ბავშვის ოჯახში წყლის, ნიადაგისა და საკვების ნიმუშებს აიღებენ შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები  დღეს გაასაჯაროვა. გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, სისხლში ტყვიის მომატება 41 პროცენტს დაუდგინდა, რაც დაახლოებით, 650 ბავშვის შედეგია.

მსგავსი პოსტები

Back to top button