მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება

სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება კანონში ამჟამად არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button