,,ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები “პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ”-მდინარაძემ ოჯახს მიუსამძიმრა

ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარის გარდაცვალება. ალბათ, სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნობთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
მისივე მტკიცებით, ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები “პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ”.
„პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – გუშინ ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითად თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა. ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნავს განათლების მინისტრი.
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს – ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს!“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია.
ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნავს პაპუაშვილის ფეისბუქგვერდზე.