ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა მომავალი ამერიკის პრეზიდენტი ფიცის დადების დროს, გამოიყენებს იმავე ბიბლიას, რომელიც გამოიყენა აბრაამ ლინკოლნმა ფიცის დადების ცერემონიაზე.
ლინკოლნმა, ბიბლია ფიცის დადების ცერემონიაზე 1861 წელს გამოიყენა. ტრამპი ასევე გამოიყენებს პირად ბიბლიას ფიცის დადების დროს. 2017 წელს ინაუგურაციის დროს, ტრამპმა ორივე ბიბლია გამოიყენა.
ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლი დატოვეს და ერთად კაპიტოლიუმისკენ გაემგზავრნენ.
მანამდე, დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა.
მომავალ პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი დახვდნენ.
დღეს, კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.