მსოფლიოსიახლეები

ტრამპი ობამას დაკითხვას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ მწვავე კრიტიკით გამოვიდა და „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებს მოუწოდა, ობამა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.

„სენატორი ან კონგრესმენი რომ ვიყო, პირველი ადამიანი, ვისაც ჩვენების მისაცემად გამოვიძახებდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულსა და სკანდალთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა იქნებოდა. მან ყველაფერი იცოდა“. – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლინდსი გრემმა ბარაკ ობამა უნდა გამოიძახოს.

აღსანიშნავია, რომ სენატორი ლინდსი გრემი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის კამპანიისა და რუსეთს შორის კავშირების თაობაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ქმედებებს იძიებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ აღნიშნული გამოძიება პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა.

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, აშშ-ის სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლინდსი გრემმა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება ბარაკ ობამას ჩვენების მისაცემად გამოძახებასთან დაკავშირებით, არ მოიწონა.

„ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის იძულება კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად, ცუდი პრეცედენტი იქნება. ეს ცუდი იდეაა უამრავი მიზეზის გამო“. – განაცხადა ლინდსი გრემმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button