ტრამპის თქმით პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მას „რაღაც დაემართა“ და „ის აბსოლუტურად შეიშალა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ შეიშალა და კარგს არც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს.
რუსეთის მიერ უკრაინაზე 25 მაისს განხორციელებული მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მას „რაღაც დაემართა“ და „ის აბსოლუტურად შეიშალა“.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ რაღაც დაემართა — ის სრულიად გაგიჟდა! ის სრულიად უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს, და არა მხოლოდ ჯარისკაცებს. რაკეტები და დრონები უშენენ უკრაინის ქალაქებს, აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ პუტინს უნდა მთელი უკრაინა, და არა მხოლოდ მისი ნაწილი, და შესაძლოა, ეს მართლაც ასე აღმოჩნდეს — მაგრამ თუ ასეა, ეს რუსეთის დამარცხებამდე მიგვიყვანს! ზუსტად ასე, პრეზიდენტი ზელენსკიც ვერაფერს არგებს თავის ქვეყანას იმ ტონით, როგორითაც ლაპარაკობს. ყველაფერი, რასაც ამბობს, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყვიტოს. ეს ომი არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომია — არა „ტრამპის“. მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო ის დიდი და მახინჯი ცეცხლი, რომელიც აშკარა არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის შედეგად გაჩნდა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპის განცხადებით, პუტინი კლავს უამრავ ადამიანს და არა მხოლოდ ჯარისკაცებს და უკრაინის ქალაქებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესვრიან რაკეტებს და დრონებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინს მთელი უკრაინის დაპყრობა სურს და თუ ამას გააკეთებს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც „თავის ქვეყანას კარგს არაფერს უკეთებს“ და ყველაფერი, რასაც ამბობს, „პრობლემებს იწვევს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა ტრამპის, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ჩააქროს „არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის გამო გაჩენილი დიდი და მახინჯი ხანძრები“.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის “დუმილი” რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს ამხნევებდა და აშშ-ს მოსკოვზე “ძლიერი ზეწოლის” – მათ შორის უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა. რაზეც ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკი თავისი საუბრით უკრაინას “არანაირ სამსახურს არ უწევს”.
“ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი არანაირ სამსახურს არ უწევს თავის ქვეყანას ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა “ტრამპის”, მე მხოლოდ ვეხმარები დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობაში, რომლებიც უხეში არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო,” – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. ტრამპის ადმინისტრაცია უშედეგოდ ცდილობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს.
მოლაპარაკებების პროცესში უკრაინა დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისის ღამეს, 367 დრონითა და რაკეტით რუსეთის თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. დაშავდა 60-ზე მეტი პირი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლო მასშტაბური საჰაერო დარტყმები უკრაინაზე ასევე წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეურაცხყოფას. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, რაც ასევე შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, ტრამპი ძალიან ცდილობდა პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას „და, აი, ასეთია რეაქცია“.
ვადეპულის განცხადებით, პუტინს მშვიდობა არ უნდა. „მას ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“, ამიტომ მზადდება შემდგომი სანქციები, რომლებიც ევროპულ ჩარჩოებში იქნება მიღებული.
„დასავლეთის მხრიდან იქნება მკაფიო რეაქცია და ვფიქრობ, რომ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც“, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ჩვენ, ყველამ, გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური დასავლეთი ამას ვერ შეეგუება. აშშ-ს, ისევე როგორც ევროპელებს, გადამწყვეტად პასუხის გაცემის საშუალება აქვთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
25 მაისის ღამეს უკრაინაში ახალი საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მან „შეწყვიტოს მკვლელობები“.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვირას, 25 მაისს, ღამით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მორიგი მასიური და სისხლიანი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ ის, დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
„რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და დაბებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი, დაიღუპნენ და დაიჭრნენ“, – დაწერა მან.
„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს, პუტინი იერიშების მიტანისა და ბავშვების მკვლელობების ახალ-ახალ ბრძანებებს გასცემს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცეცხლის უპირობო და ხანგრძლივი შეწყვეტის აუცილებლობას, როგორც ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო პროცესის საფუძველს. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა ის დათანხმდეს ამას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკვლელობები“, – განაცხადა ანდრეი სიბიჰამ.
რუსეთმა 26 მაისის ღამეს უკრაინაზე მესამედაც განახორციელა მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში, ამჯერად რეკორდული რაოდენობის – 364 ერთეული საჰაერო იარაღით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ჩამოაგდეს ყველა 9 ფრთოსანი რაკეტა და გაანეიტრალეს 288 მტრული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდასხმა 25 მაისს, 20:15 საათიდან დაიწყო. აგრესორმა გამოიყენა:
9 ფრთოსანი რაკეტა X-101, რომელიც გაუშვეს სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან Ту-95МС (გაშვების რეგიონი – სარატოვის ოლქი);
355 საბრძოლო დრონი Shahed და სხვადასხვა ტიპის იმიტატორი დრონი, რომლებიც გაეშვა რუსეთის ტერიტორიიდან: ბრიანსკი, მილეროვო, კურსკი, ორელი, შატალოვო, პრიმორსკო-ახტარსკი და ასევე ანექსირებული ყირიმიდან – ჩაუდას მიმართულებით.