,,ტრამპის წერილში პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე პირდაპირ საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე,,-კობახიძე

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით.
„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. სულისკვეთება იყო ერთი და იგივე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მიწერა-ქართულ ენაზე ნათარგმნ წერილს ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტანდარტულ დიპლომატიურ ფორმად აფასებს.
როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, წერილის შინაარსი იმ ტიპურ ტექსტს შეესაბამება, რომელსაც ამერიკის სხვა პრეზიდენტები მსგავს თარიღებთან დაკავშირებით აგზავნიან.
„თუ ნახავთ მსგავს თარიღებთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა,“ – აღნიშნა ხმალაძემ.
ხმალაძემ ასევე შეადარა ტრამპის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა:
„შევადაროთ ერთმანეთს მარკო რუბიოს განცხადება და დღევანდელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. პრეზიდენტ ტრამპის წერილი – თუ ნახავთ ასეთ თარიღთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა. პრეზიდენტმა მიულოცა პრეზიდენტს, თუმცა პირობებში, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია და მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, ხშირად ასეთი წერილები იგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისადმი დღეს გამოგზავნილი წერილი, ჩემი აზრით, იყო სტანდარტული მილოცვა , რომელიც ყველას ეგზავნება.
რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი. ისევ როგორც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მილოცვაში შინაარსია არსებითი. ორივე განცხადებაში, ისინი ქართველ ხალხს მიმართავდნენ და აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის დამსახურებას და არა ხელისუფლების“,- განაცხადა ხმალაძემ.
გადაცემაში სტუმრობისას ვახტანგ ხმალაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ოპოზიციური პარტიების წინაშე მდგარ დილემაზე – მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ან მისგან თავის შეკავება მმართველი პარტიის ლეგიტიმურობის საკითხს არ ცვლის.
ხმალაძის თქმით, წარსულშიც არაერთხელ ჩატარებულა არჩევნები არახელსაყრელ გარემოში, თუმცა ოპოზიციას მაინც მიუღია მონაწილეობა და წარმატებისთვის მიუღწევია – მაგალითად, 2012 წელს.
„ჩემი აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა არ უკავშირდება დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს. მონაწილეობით ან არ მონაწილეობით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არაფერი ეშველება – ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. არაერთხელ მომხდარა, რომ არჩევნები ჩატარებულა ისეთ გარემოში, რომელიც მაინცდამაინც კარგი არ იყო ოპოზიციისთვის. ყველა არჩევნების დროს არსებობდა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან კანონისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ეს კეთდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით, მოსყიდვებით, ამომრჩევლების დაშინებით, კარუსელებით და ა.შ მიუხედავად ასეთი არახელსაყრელი პირობებისა იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციას გაუმარჯვია არჩევნებში, თუნდაც 2012 წელს. თუმცა ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ პროტესტანტთა რაოდენობა სულ ცოტა 20%-ით აღემატება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს 20%-იანი უპირატესობა ვერ უნდა შეჭამოს მოსყიდვებმა, კარუსელებმა და მსგავსმა მოქმედება თუ ოპოზიციას მცირე უპირატესობა აქვს, მაშინ ასე უსამართლო გარემოში გამართული არჩევნები მისთვის იქნება წამგებიანი“,- აღნიშნა ხმალაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა სისტემური ცვლილებები – მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა ან კანონმდებლობის გაუმჯობესება.
„ჩვეულებრივ ვითარებაში ოპოზიციამ მაინც არ უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ჩვეულებრივი არ არის. თუ საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეიცვალა, საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, მაშინ არ ვიცი უნდა მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ხმალაძემ.
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
საჯარო წერილიც უპასუხოდ დარჩა.
კობახიძემ 21 მაისს თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და ბოლოს – მილიარდერ ექსპრემიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.