მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

ტრამპლინი გზაჯვარედინზე თელავში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

დავით აღმაშენებლის გამზირი ქალაქ თელავში, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზის მონაკვეთზე მდებარეობს. სოფელ გულგულაში მცხოვრებ დავით ტუგულაშვილს გამზირზე გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. დავითი ამბობს, რომ ნაწილობრივ უკვე რეაბილიტირებული, დაახლოებით ორკილომეტრიანი გზა, სულხანიშვილის ქუჩასთან გადაკვეთის ადგილას, განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს.

დავით სულხანიშვილი:

„სეხნიაშვილის ქუჩიდან რომ ამოდიხარ აღმაშენებელზე… კურდღელაურიდან რომ ამოდიხარ, მხედველობა არის ნოლი. თუ არ გამოყო [ცხვირი] მანქანამ, წინა მხარე თუ არ ამოვიდა, ვერა ხედავ… ვერც გამვლელს, ვერც გამომვლელს. ამიტომაც ხდება ხშირად ავარიები. მანდ არის მოსაგვარებელი. მანდ წლებია, ხშირად ხდება ავარიები. ერთი 30 წელიწადია, მაგ ქუჩაზე დავდივარ. უნდა რაღაც დადგან… შუქნიშანი ან რა ვიცი, თვითონ გადაწყვიტონ. ქალი დაიღუპა ამას წინათ მაგ ქუჩაზე, ავარიაში მოჰყვა. ყოველთვის ავარია ხდება.“

აღმაშენებელის გამზირზე რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია და გზა საავარიო საფრთხის შემცველია, ამას თელავში მცხოვრები ცირა კაციაშვილიც ადასტურებს. მოქალაქე იმ ფაქტზე გვიყვება, რომელიც გზაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, პირადად  შეემთხვა.

ცირა კაციაშვილი:

„კურდღელაურის, ქვედა მხრიდან რომ მოვდიოდი, მე არ მოველოდი, თუ ასე იყო ბექობი გაკეთებული, ასასვლელი გზა… და მთლიანად არა ჩანდა ტრასა, სად უნდა გადმოვსულიყავი. მოვდიოდი, ხელმარცხნივ უნდა გადმომეხვია, მაგრამ რომ ავედი, იქ ასფალტი დაუსხამთ და მანქანამ ცხვირი ასწია და… ვეღარა ვხედავდი… ვეღარც მარჯვნივ, ვეღარც მარცხნივ… და ტრამპლინია, გადმოსახტომი! მანდ უნდა იყოს რაიმე შუქნიშანი. ან კიდევ, ასფალტი მოითხაროს, ხელმეორედ, გადასწორდეს…“

აღამშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირესა და  მაღალ რისკზე  საუბრობს თელავში მცხოვრები ზურაბ ხომასურიძეც. ზურაბი რადიო „ჰერეთთან“ ამბობს, რომ გზაზე  ფატალურად დასრულებული ავარიების შემთხვევებიცაა და გამოსავალს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ხედავს.

ზურაბ ხომასურიძე:

„საჭიროა, რომ გაკეთდეს სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. კარგი იქნება, თუ შუქნიშნებიც დამონტაჟდება და ასევე, ვიდეომეთვალყურეობაც დაწესდება, რომ უსაფრთხო გახდეს გადაადგილება. ხშირად ხდება იქ ავტოსაგზაო შემთხვევები და ხშირად, ფატალურადაც სრულდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბრუნდება სახლში, მეტი ყურადღება სჭირდება და კარგი იქნება, თუ ამას ყურადღება მიექცევა.“

თელავის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრის, ბადურ გულიაშვილის თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, მოძრაობა როგორც მძღოლების, ასევე ქვეითებისათვის, უფრო გართულებულია. დეპუტატი ამბობს, რომ სათანადო კვლევის შემდეგ, გზაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაა აუცილებელი.

ბადურ გულიაშვილი:

„მე არ მინახავს ჯერ დასკვნა, რომელიც… რაღაცა კვლევა ჩატარდა და იმის საფუძველზე დაიდო. ეს ხდება ხშირად, რამდენიმე პირის გადაწყვეტილებით, შეიძლება, ერთი პირის გადაწყვეტილებით ქალაქში. იქ უნდა იყოს გამოკვლეული, რომელი მიმართულება რამდენი ხანი საჭიროებს, რომ იყოს მწვანე შუქი ანთებული. შეფერხებაა ახლა. როდესაც ამოდიხარ კურდღელაურის მხრიდან, საფრთხესაც ქმნი იქ მოძრაობისას, შენ თვითონაც იქმნი საფრთხეს და ამავე დროს, სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც უქმნი.“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც თელავში მდებარე დავით აღმაშენებლის გამზირიც შედის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 849 534 ლარია. პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა და მხოლოდ სატელეფონო შეტყობინებით გვიპასუხა, რომ პროექტის დასრულებამდე, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებსაც გაატარებენ.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button