ტრამპს მიაჩნია, რომ NATO-ს წევრები აშშ-ს ატყუებენ

აშშ NATO-ს ზედმეტს უხდის და ალიანსის დანარჩენი წევრები ვაშინგტონს “აბოლებენ”, – განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა.

“ძალიან ბევრს ვიხდით და ამიტომაც გვაბოლებენ. 28 ქვეყანა გვაბოლებს”, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ის პირდაპირ ეთერში.

მილიარდერმა NATO-ს წარსულის გადმონაშთი უწოდა.

“ისევ საბჭოთა კავშირს ვუყურებთ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. NATO 60 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა”, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ადრე ტრამპმა ალიანსის წევრებს ვალის გადახდა მოსთხოვა. მილიარდერმა NATO-ს დაშლის შესაძლებლობაც დაუშვა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტრამპის განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ტრამპმა ეს განცხადება აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ კი ბალტიის ქვეყნებში NATO-ს საგრძნობი გაძლიერების ფონზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა 2016 წლის 8 ნოემბერს გახდება ცნობილი. ქვეყნის 2 მთავარი პარტია პირველადი არჩევნების ჩატარებას აგრძელებს. გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელებში გამარჯვების დიდი შანსი მილიარდერ დონალდ ტრამპს აქვს, ხოლო დემოკრატთა შორის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button