“ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ტრანსგენდერი, 22 წლის ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბების სააგენტო IPN-ი წერს, რომ ბაინკას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

ის სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა, მისი ცხედარი დღეს ნახეს.

გარდაცვალების ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “LGBT საქართველო” იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მალე დაადგენს გარდაცვალების გარემოებებს და საზოგადოებას გაუქარწყლებს ყველა ეჭვს, იმის შესახებ, რომ ბიანკა შეიძლება მოკლული იყოს.

“თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მისი სიკვდილის მიზეზი იმ სტრუქტურულ და სისტემურ ძალადობაში უნდა ვეძებოთ, რომლებსაც ტრანსგენდერი ქალები აწყდებიან ყოველდღიურად: დასაქმებაზე უარი, საცხოვრებელზე უარი (მათ შორის სახლიდან გამოგდება მშობლების ან ახლობლების მიერ და მიქირავებაზე უარი), სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ყველა სივრცეში, და ა.შ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2015 წლის 11 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელში ტრანსგენდერი საბი ბერიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლოშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა. კოჭლოშვილს ასევე, ბიანკა შიგუროვას ცემაც ბრალდებოდა. ბიანკა შიგუროვა აცხადებდა, რომ საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 7 აგვისტოს 10 საათზე გაიმართა ბრალდებულ ლევან კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა და ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება საბი ბერიანის განზრახ მკვლელობას, რომლის ბრალდებაც ასევე ჰქონდა ლევან კოჭლოშვილს, ამ ნაწილში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევდნენ, რომ საბი ბერიანის მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button