პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება მისი გეგმები უფრო შორს მიდის
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი "ომის ეკონომიკაზე" უნდა გადავიდეს-მიშელი

ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.
კულებამ 2021 წლის ბოლო რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.
“პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ.
სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, სწორედ ამიტომ პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რა ფასიც არ უნდა ჰქონდეს ახლა უკრაინის დახმარებას, ომის საკუთარი ძალებით დაწყების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მაღალი ფასის გამო, რომელსაც ახლა უკრაინა იხდის.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება.
“ის ბევრ სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უნდა იყვნენ შეშფოთებულნი”, – განაცხადა კულებამ.
გარდა ამისა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი “ომის ეკონომიკაზე” უნდა გადავიდეს და ყველაფერი გააკეთოს კიევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
მიშელმა გამოაქვეყნა სვეტი ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებსაიტზე სათაურით
“თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, სადაც მან აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გადადგას ამ ამოცანების მისაღწევად.
მიშელი იხსენებს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს ომის დაწყებიდან მალევე, როცა ზელენსკიმ უთხრა, რომ მისი ქვეყანა იბომბებოდა და ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, იმ მომენტში მიხვდა, რომ მთელი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა, სამუდამოდ შეიცვალა – “მასთან ერთად ევროკავშირიც სწრაფად უნდა შეიცვალოს”.
მიშელი წერს, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ – “ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე, როგორც ის არ გაჩერებულა ყირიმში 10 წლის წინ”. მისი თქმით, კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და აფრიკის ქვეყნებშიც კი.
“თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და თუ ჩვენ არ გავუწევთ საკმარის დახმარებას უკრაინას, ჩვენ ვიქნებით შემდეგი. […] ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ “ომის ეკონომიკის” რეჟიმზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”, – წერს მიშელი.
მისი თქმით, ევროპა აღარ უნდა იყოს სხვებზე დამოკიდებული, მათ შორის არჩევნების შედეგებზე აშშ-ში თუ სხვაგან.